საქართველოს პარლამენტთან, სადაც უზენაესი სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით კანონპროექტს კომიტეტის ფორმატში მესამე მოსმენით განიხილავენ, “დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფმმა” აქცია გამართა.
ჯგუფმა საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, არ მიიღოს კანონპროექტი მესამე მოსმენით და ნაცვლად ამისა, მიიღოს რეზოლუცია სასამართლოში კლანური მმართველობის თაობაზე და სასამართლოს მართვიდან კლანის ჩამოცილების მიზნით საკანონმდებლო მექანიზმებზე მუშაობა დაიწყოს.
“ჩვენი მთავარი მოთხოვნა იგივე რჩება – კლანი უნდა გადადგეს. კლანის გადადგომის გარეშე არანაირი კანონპროექტით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასპროცენტიანი გათვალისწინების შემთხვევაშიც კი, სისტემას არ ეშველება. ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ ჩვენთან კანონში კი არ არის მთავარი პრობლემა, არამედ – კლანში”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მედიაექსპერტ ლაშა ტუღუშის შეფასებით, რომელიც ასევე იმყოფებოდა აქციაზე, ხელისუფლებას არ აქვს სასამართლო სისტემის ფუნდამენტურად შეცვლის პოლიტიკური ნება.
“ეს კლანი უნდა წავიდეს იმიტომ, რომ არ გამოვა სიკეთე, თუ მთავარი მოქმედი იქნება ხალხი, რომელსაც არავინ ენდობა. აუცილებელია, რომ ძირეულად შეიცვალოს სასამართლო სისტემა და არა ისე, პროცედურულ ცვლილებებს რომ არქმევენ ტალღებს და ალბათ, მეცხრე ტალღაზეც ავლენ. როგორც ჩანს, მათ არჩევანი გააკეთეს და შეიძლება ვერც ხედავენ, როგორ შეიძლება გამოძვრნენ ამ რთული სიტუაციიდან, ჩიხში არიან. საჭიროა კომპლექსური ცვლილებები. უნდა მოიძებნოს ის გზა, როგორ წავიდეს ეს ხალხი. საჭიროა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ლაშა ტუღუშმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს “საერთო სასამაერთლოების შესახებ” უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს.