ახალი ამბები

“რუსული” რობოტები, რომლებიც პუტინს სამხედრო სასწავლებელში აჩვენეს, ონლაინ იყიდება

25 აპრილი, 2019 • 1400
“რუსული” რობოტები, რომლებიც პუტინს სამხედრო სასწავლებელში აჩვენეს, ონლაინ იყიდება

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს 23 აპრილს სუვოროვის სამხედრო სასწავლებელში რუსული საომარი რობოტები აჩვენეს. თუმცა აღმოჩნდა, რომ რობოტები სამხრეთ კორეაშია შექმნილი და ისინი Ebay-სა და Amazon-ზე იყიდება. ინფორმაციას tvrain ავრცელებს.

ტელეარხის თანახმად, ვლადიმერ პუტინს სამხედრო სასწავლებელში უთხრეს, რომ რობოტებს რამდენიმე ბრძანების შესრულება შეუძლიათ, მათ შორის, აზიდვების. ამის ამსახველ ვიდეოს ტვიტერზე სახელისუფლებო სააგენტო RIA-ს ჟურნალისტები ავრცელებენ.

ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე გაირკვა, რომ მსგავსი რობოტები, რომლებსაც ზუსტად იგივე შესაძლებლობები აქვთ, სხვადასხვა ონლაინ მაღაზიის საიტზე იყიდება, ხოლო მათ სამხრეთ კორეაში აწარმოებენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი საკუთარი წარმოების რობოტებზე შესაძლო დეზინფორმაციას ავრცელებს. მაგალითად, ორ საფეხბურთო გუნდს შორის 13 აპრილს მოსკოვში გამართული მატჩი რობოტის კოსტუმში გადაცმულმა ადამიანმა გახსნა. რუსეთის ტელევიზია Матч Премьер-ის კომენტატორებმა მას „ხელოვნური ინტელექტი“ უწოდეს და მაყურებლისთვის არ უთქვამთ, რომ სინამდვილეში რობოტი არ ყოფილა.

„რობოტი ალიოშა“, რომელმაც რუსეთში საფეხბურთო მატჩი გახსნა, სინამდვილეში ადამიანია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი