რადამ უკრაინული ერთადერთ სახელმწიფო ენად დაამტკიცა

უკრაინულმა რადამ კანონი მიიღო, რომელიც უკრაინულს ერთადერთ სახელმწიფო ენად აღიარებს. ამ კანონის მიხედვით, საჯარო, საგანმანათლებლო, კულტურულისა თუ სერვისის სფეროების წარმომადგენლები ვალდებული გახდებიან უკრაინულს ფლობდნენ. პირად საუბრებსა და რელიგიურ რიტუალებს კანონი არ არეგულირებს.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სანქციებს მათთვის, ვინც “სახალხოდ დაამცირებს” სახელმწიფო ენას ან მის მიმართ უპატივცემულობას საჯაროდ გამოავლენს.

UNIAN წერს, რომ იმ პირებს შორის, რომელთათვის უკრაინულის ფლობა და გამოყენება აუცილებელია, შედიან დეპუტატები, პროკურორები, მოსამართლეები, უკრაინის ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, პედაგოგები და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები.

გამოცემა წერს, რომ კანონი ერთი თვის შემდეგ ძალაში შევა, მანამდე კი უკრაინის ხელისუფლება აპირებს, რომ უკრაინულის სპეციალური კურსები დააფინანსოს. ამასთანავე, კანონის მიღებიდან 2 წლის შემდეგ პირი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობის მიღება მოუნდება, ვალდებული იქნება ენის გარკვეულ დონეზე ცოდნა დაადასტუროს და შესაბამისი გამოცდა ჩააბაროს.

ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში კანონი ჯარიმებს ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან