ახალი ამბები

ეკრანთან დიდი დროის გატარება ბავშვის ჯანმრთელობისთვის საზიანოა – WHO

24 აპრილი, 2019 •
ეკრანთან დიდი დროის გატარება ბავშვის ჯანმრთელობისთვის საზიანოა – WHO

5 წლამდე ასაკის ბავშვებმა რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა გაატარონ ეკრანებთან, უნდა ეძინოთ კარგად და უფრო მეტი დრო უნდა დახარჯონ აქტიური თამაშისთვის, რათა გაიზარდონ ჯანმრთელები. ამის შესახებ საუბარია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ახალ გაიდალინში, რომელიც 24 აპრილს გამოქვეყნდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, სიცოცხლის პირველ წლებში გამომუშავებულ უნარ-ჩვევებსა და ქცევებს უმნიშვნელოვანესი გავლენა აქვს ადამიანის შემდგომ განვითარებასა და ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა შეაფასა არაადეკვატური ძილის, ელექტრონული მოწყობილობების ეკრანთან, ასევე საბავშვო ეტლსა და სპეციალურ სკამში გატარებული დროის გავლენა ჯანმრთელობაზე.

“ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესება, მჯდომარე რეჟიმის შემცირება და ხარისხიანი ძილი აუმჯობესებს ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, ასევე ხელს უშლის სიმსუქნეს ბავშვებში და მასთან დაკავშირებული დააავდებების განვითარებას შემდგომ პერიოდში”, – აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერი ფიონა ბალლი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის  რეკომენდაცია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის შემდეგნაირია:

1 წლამდე ასაკი

  • ბავშვი დღის განმავლობაში მრავალჯერ უნდა იყოს ფიზიკურად აქტიური სხვადასხვა საშუალებით, განსაკუთრებით, ე.წ. იატაკზე თამაშით; ჩვილები, რომლებიც ჯერ არ არიან აქტიურები, დღის განმავლობაში ნახევარი საათით მაინც უნდა მოვათავსოთ მუცელზე;
  • ერთ ჯერზე ბავშვი ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ უნდა იყოს გაჩერებული ფიქსირებულ მდგომარეობაში, მათ შორის, სპეციალურ სავარძელში, საბავშვო ეტლში, ე.წ. საზურგე კენგურუში. არ არის რეკომენდებული ელექტრონული მოწყობილობის ეკრანთან კონტაქტი;
  • ბავშვს უნდა ეძინოს 14-17 საათი (0-3 თვე), ან 12-16 საათი (4-11 თვე). კარგი ხარისხის ძილი გულისხმობს პერიოდულ ჩათვლემასაც.

1-2 წლის ასაკი

  • ამ ასაკის ბავშვი სხვადასხვა სახის ფიზიკურ აქტივობაში უნდა ხარჯავდეს, სულ მცირე, 180 წუთს. რაც მეტ დროს დახარჯავს ბავშვი აქტიურობაში, მით უკეთესი;
  • ერთ ჯერზე მეტი ხნის განმავლობაში ბავშვი  არ უნდა იყოს გაჩერებული ფიქსირებულ მდგომარეობაში, მათ შორის, სპეციალურ სავარძელში, საბავშვო ეტლში, ე.წ. საზურგე კენგურუში. არ არის რეკომენდებული ელექტრონული მოწყობილობის ეკრანთან კონტაქტი; აღნიშნული გულისხმობს ტელევიზორის ყურებას, ვიდეოს ყურებას, ან კომპიუტერულ თამაშს. რაც შეეხება 2 წლის ბავშვს, ეკრანთან გატარებული დრო არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს, თუმცა, რაც უფრო ნაკლებ დროს გაატარებს ეკრანთან ამ ასაკის ბავშვი, მით უკეთესია მისი ჯანმრთელობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ როცა არის მჯდომარე მდგომარეობაში, ბავშვი ჩართული იყოს მისი მომვლელის მიერ ამბების მოყოლასა და კითხვაში;
  • დღეში უნდა ეძინოს 11-14 საათი, მათ შორის, იგულისხმება ჩათვლემაც და რეგულარული დაძინებისა და გაღვიძების დროები.

3-4 წლის ასაკი

  • ამ ასაკის ბავშვი სხვადასხვა სახის ფიზიკურ აქტივობაში უნდა ხარჯავდეს, სულ მცირე, 180 წუთს. რაც მეტ დროს დახარჯავს ბავშვი აქტიურობაში, მით უკეთესი; მათ შორის, სულ მცირე, 60 წუთი უნდა იყოს ენერგიული აქტივობა;
  • ერთ ჯერზე მეტი ხნის განმავლობაში ბავშვი  არ უნდა იყოს გაჩერებული ფიქსირებულ მდგომარეობაში, მათ შორის, სპეციალურ სავარძელში, საბავშვო ეტლში. ეკრანთან გატარებული დრო არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს, თუმცა რაც უფრო ნაკლებ დროს გაატარებს ეკრანთან ამ ასაკის ბავშვი, მით უკეთესია მისი ჯანმრთელობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ როცა არის მჯდომარე მდგომარეობაში, ბავშვი ჩართული იყოს მისი მომვლელის მიერ ამბების მოყოლასა და კითხვაში;
  • დღეში უნდა ეძინოს 10-13 საათი, მათ შორის, იგულისხმება ჩათვლემაც და რეგულარული დაძინებისა და გაღვიძების დროები.

მასალების გადაბეჭდვის წესი