“ოცნება” მოსამართლეთა დანიშვნის კანონპროექტს მეორე მოსმენაზე არ დააბრუნებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის როს უილსონის მიერ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

“ჩვენ გავწერეთ კანონპროექტი, რომელიც ეფუძნება საერთო ინტერესს. საერთო ინტერესი არის მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანების შერჩევა უზენაესი სასამართლოსთვის და ეს კანონპროექტი ადგენს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას, რომელსაც ევროკავშირის არცერთ ქვეყანაშიც კი არ აქვს ანალოგი. ნებისმიერს შეუძლია, გადაამოწმოს ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების კანონმდებლობა, პრაქტიკა და გამოცდილება. არსად ამის მეათედიც კი არ არის გაწერილი. აქედან გამომდინარე, პროცესის შეჩერების არავითარი საფუძველი არ არსებობს. პირიქით, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი მოტივაცია იმისა, რომ საბოლოოდ მივიღოთ ეს კანონი, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს პროცესი, რომლის საბოლოო შედეგი იქნება მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში”, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპონენტების მოთხოვნასაც, რომ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს.

“ამის საფუძველი არ არსებობს. კანონპროექტი მაქსიმალურად დახვეწილია და ასახავს იმ ინტერესს, რასაც მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით სასამართლოს დაკომპლექტების ინტერესი ჰქვია. თუ ერთი ოპონენტი მაინც მოიტანს ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მაგალითს, სადაც ამის მეათედი მაინც გაწერილია, მაშინ ჩვენ შეიძლება, დავაბრუნოთ მეორე მოსმენაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ საქართელოს ხელისუფლებამ ადეკვატურად და სრულად არ გაითვალისწინა ევროკავშირის, ვენეციის კომისიის და ეუთო-ს რეკომენდაციები სასამართლო რეფორმასთნ დაკავშირებით.

ამავე თემაზე:

ამერიკის ელჩი სასამართლო რეფორმაზე: ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილები ვართ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.