ახალი ამბები

მერიის თქმით, მთავარი ბიბლიოთეკის გაუქმებით, ბიბლიოთეკარები სამსახურს არ დაკარგავენ

24 აპრილი, 2019 • 1854
მერიის თქმით, მთავარი ბიბლიოთეკის გაუქმებით, ბიბლიოთეკარები სამსახურს არ დაკარგავენ

თბილისში, ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავარი ბიბლიოთეკა უნდა გაუქმდეს. ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ბიბლიოთეკის გაერთიანებაში ქალაქის 36 ბიბლიოთეკის ფილიალი შედის. მათი თანამშრომლები კი ამბობენ, რომ ბიბლიოთეკის გაუქმებით, შესაძლოა, სამსახურიც დაკარგონ.

მერია ბიბლიოთეკარების ამ განცხადების საპირწონედ ამბობს, რომ ბიბლიოთეკა “თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებას” შეუერთდება. მათი განმარტებით, ამ ნაბიჯით იცვლება საკითხის მხოლოდ იურიდიული მხარე, თანამშრომლების ხელფასსა და სამსახურეობრივ პოზიციებს კი არაფერი ემუქრება.

ბიბლიოთეკარებმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან თქვეს, რომ ადვოკატი უკვე ჰყავთ და სასამართლოში დავას აპირებენ. მათი თქმით, ასევე ითხოვენ თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას.

” სასამართლო გადაწყვეტს თვითონ, პრეზიდენტის ბრძანებულებას რამდენად სწორად აუქმებს სასამართლო”, – ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის შესახებაც ბიბლიოთეკარი საუბრობს, თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარიას თქმით, 2006 წელს გამოიცა:

“ბრძანება გულისხმობს თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის დაფუძნებას. 2007 წლის 3 ივლისს ასევე გამოიცა 131-ე დადგენილება და მე მინდა ამოვიკითხო ეს დადგენილება: თვითმმართველ ერთეულში მოქმედი ყველა სახელმწიფო ბიბლიოთეკა ჩაითვალა ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე მმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებად, რომლის ლიკვიდაციას, არასამეწარმეო იურიდიულ პირად დაფუძნებას, რეორგანიზაციას, ასევე ხელმძღვანელი პირების დანიშვნა-გათავისუფლებას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობა.

შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება, რომ დავიწყოთ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის ლიკვიდაციის პროცესი”, – ამბობს სოფო ხუნწარია.

მისივე თქმით, 320-ივე ბიბლითეკარი, სურვილის შემთხვევაში, აუცილებლად შეინარჩუნებს საკუთარ სამუშაო ადგილს, ხოლო ახალი ხელშეკრულებები მერიის წარმომადგენლებმა ინდივიდუალურად გააცნეს ბიბლიოთეკარებს.

ნეტგაზეთმა კომენტარისთვის ასევე მიმართა მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორს, ზურაბ წერეთელსაც, რომელმაც ბიბლიოთეკის გაუქმების მიზეზების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ იურიდიული პირის გაუქმება წმინდად იურიდიული პროცესია და ყველა თანამშრომელს ახალ ორგანიზაციაში მიიღებენ.

“თბილისში იყო მედიათეკები და იყო ბიბლიოთეკები – შარშან დაარსდა ახალი ორგანიზაცია “თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება”, რომელიც მოიაზრებს, რომ ეს ორი ორგანიზაცია ერთი იურიდიული პირის ქვეშ მოექცეს. არ არის საჭირო ორი დირექტორი და ა.შ. მაგრამ სამსახურს არავინ დაკარგავს.

რაც შეეხება კონკრეტულად ბიბლიოთეკარებს, ისინი არა მხოლოდ არ დაკარგავენ სამსახურს, არამედ დარჩებიან თავიანთ სამუაო გარემოზე, მიიღებენ იმავე ხელფასს და არაფერი შეიცვლება გარდა იმ ორგანიზაციების დასახელებისა, სადაც ისინი მუშაობენ”, – ამბობს ზურაბ წერეთელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი