ახალი ამბები

გირჩის “ბიბლიურმა თავისუფლებამ” თეა წულუკიანი “ანათემას გადასცა”

23 აპრილი, 2019 • 3319
გირჩის “ბიბლიურმა თავისუფლებამ” თეა წულუკიანი “ანათემას გადასცა”

“გირჩის” რელიგიურმა ორგანიზაცია “ბიბლიურმა თავისუფლებამ” იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსი სოსო გიორგაძე “ანათემას გადასცა”.

“ბიბლიური თავისუფლების” განცხადებით, ამის მიზეზი გახდა საჯარო რეესტრის მიერ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატ ჰერმან საბოს მხარდაჭერების მთაწმინდაზე რეგისტრაციის შეფერხება. “გირჩი” თავის მხარდამჭერებს მთაწმინდაზე რეგისტრაციისკენ მოუწოდებდა, რათა მის კანდიდატს 19 მაისის არჩევნებში გამარჯვების მეტი შანსი ჰქონოდა. პარტიის განცხადებით, სერვისების განვითარების სააგენტომ პროცესი ხელოვნურად გააჭიანურა.

გთავაზობთ “ბიბლიური თავისუფლების” “ანათემის” ტექსტს:

“ანათემა მხევალი ღვთისა თეონასი და მონა ღვთისა სოსოსი

სახელმწიფოსგან დევნილი ადამიანებისთვის მთაწმინდაზე კეთილი ადამიანის მოწყობილ კატაკომბაში რეგისტრაციაზე უკანონო უარის თქმის გამო, შერისხულ იქნენ მხევალი ღვთისა თეონა და მონა ღვთისა სოსოი.

ნორმატიული აქტის მიღება გდომოდეთ და ინდივიდუალური გამოგსვლოდეთ.

ყოველ დღე მეზობლები სასამართლოში გიჩიოდნენ და დავას პირველ ინსტანციაში მურუსიძე იხილავდეს, მეორეში ჩინჩალაძე, საკასაციოში კი მიქაუტაძე გხვდებოდეთ.

სახლის აშენება გინდოდეთ და კალაძე ნებართვას არ გაძლევდეთ; წყალი გწყუროდეთ და ჭიდან წყლის დასალევად ლიცენზიას გთხოვდნენ.

ყოველ ღამე სასამართლოს დამოუკიდებლობაზე კობახიძის და თალაკვაძის სიტყვები დაგსიზმრებოდეთ.

ID ბარათები სულ 666-ებით გაგვსებოდეთ.

იუსტიციის სახლი ისე გაგბანძებოდეთ, სტუმრები სახლში დაგყავდეთ და იქ აძლევდეთ სიმბოლურ პასპორტებს.

Just tax-ზე უკეთესი ტრანსპორტი არ გღირსებოდეთ.

ბახტაძეს მართლა ემართეთ.

ბიძინას მიეტოვებინეთ.

სამოთხის კართან პეტრეს ნაცვლად Tamaz Akhobadzeდაგხვედროდეთ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.”

“ბიბლიურ თავისუფლებაში” აცხადებენ, რომ “თეონაში” ნამდვილად თეა წულუკიანს გულისხმობენ. მათი თქმით, სავარაუდოდ, ეს მინისტრის რელიგიური სახელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი