ახალი ამბები

იუსტიციის საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი “ევროპულ საქართველოს” პასუხობს

23 აპრილი, 2019 •
იუსტიციის საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი “ევროპულ საქართველოს” პასუხობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი უსაფუძვლოდ მიიჩნევს “ევროპული საქართველოს” ინიციატივას სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების მოტივით მათი საბჭოდან გამოწვევის შესახებ.

როგორც ლევან გზირიშილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ ინციატივის წარდგენის ძირითადი მიზეზი არის მათ მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის მხარდაჭერა პარლამენტის წინაშე ნომინირებისთვის, თუმცა, ვენეციის კომისიის მოსაზრებით, საბჭოს წევრის მიერ ჩადენილი შესაძლო კანონდარღვევის საკითხი უნდა შეისწავლოს დამოუკიდებელმა ორგანომ ან სასამართლომ და არა პოლიტიკურმა დაწესებულებამ.

“ჩვენი გადაწყვეტილება განპირობებული იყო ჩვენი შინაგანი რწმენით, რაც დაეფუძნა მხარდაჭერილ კანდიდატთა კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციას. ამასთან, ჩვენი ოპონენტები ვერ უთითებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ვერც ერთ ნორმას, რომლის დარღვევის გამოც ნომინირების პროცესი უკანონოდ შეიძლებოდა მიჩნეულიყო”, – ნათქვამია განცხადებაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი მიიჩნევს, რომ ამგვარი ინიციატივები საფრთხის შემცველია, რადგან პოლიტიკური ჩარევისგან არ აზღვევს არცერთ თანამდებობის პირს და ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობას.

“ამდენად, “ევროპული საქართველოს” ინიციატივა აბსოლუტურად უსაფუძვლო და უპერსპექტივოა. რეალურად, მას საერთო არაფერი აქვს სამართლებრივ პროცედურასთან და მიზნად ისახავს სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევას, ჩვენზე უკანონო ზეგავლენის მოხდენას და პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას; ამ ინიციატივას უკვე მოჰყვა რიგი პოლიტიკოსებისგან ჩვენი მიმართ სრულიად არაეთიკური შეფასებები (მაგ: „მდუმარე წევრები“, „მუქთახორები“, „კლანის მონები“ და სხვა), რაც დაუშვებელია”, – ნათქვამია განცხადებაში.


“ევროპული საქართველო” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის – ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის – გამოწვევას ითხოვს.

დადგენილების პროექტის შემუშავების ინიციატივა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერ შალვა შავგულიძეს ეკუთვნის, დოკუმენტს კი პარლამენტს წარუდგენენ  “ევროპული საქართველოს” ფრაქციები.

პარლამენტის დადგენილების პროექტის თანახმად, “იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი უნდა გახდეს მათ მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, რისი ლუსტრაციაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის შესახებ 2018 წლის 24 დეკემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მიაღწია”.

პარლამენტს იუსტიციის საბჭოდან 3 არამოსამართლე წევრის გამოწვევაზე დადგენილება წარედგინა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი