ახალი ამბები

არ მინდა ვაწყენინო ბოშებს… ივანიშვილმა საქართველოში ხალხი გააციგნა – სააკაშვილი

21 აპრილი, 2019 • 1380
არ მინდა ვაწყენინო ბოშებს… ივანიშვილმა საქართველოში ხალხი გააციგნა – სააკაშვილი

“მე არ მინდა ვაწყენინო ბოშებს და რომას ხალხს, მათ თავისი მომთაბარე სტილი აქვთ, ივანიშვილმა საქართველოში ხალხი გააციგნა, გააბომჟა”, – ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა რ2-ის ეთერში.

სააკაშვილი საქართველოში არსებულ რთულ სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობდა, როდესაც საფრანგეთში, კერძოდ მონპელიეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე გააკეთა კომენტარი.

“გუშინწინ საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ვიყავი, ვნახე კარვებში დაწვენილი მამა, რომელსაც 3 შვილი ჰყავს ჩამოყვანილი და შიმშილით კვდება, ვნახე ყოფილი პოლიციელი, ყოფილი ექიმი, მედდა, ვნახე აფხაზეთის ომის ვეტერანი, რომელსაც ორი ფეხი მოაჭრეს და ჩამოვიდა ოპერაციისთვის, რადგან ხელებიც ერთმევა, ხელების მოსაჭრელად აქვს საქმე და საქართველოში ოპერაციას აღარ უფინანსებდნენ, თუმცა ჩემ დროს 100%-ით უფინანსებდნენ. ეს ხალხი რეალურად… მე არ მინდა ვაწყენინო ბოშებს და რომას ხალხს, მათ თავისი მომთაბარე სტილი აქვთ, ივანიშვილმა საქართველოში ხალხი გააციგნა, გააბომჟა. ეს ჩემი თვალით ვნახე, საფრანგეთის ისეთ ქალაქში ქუჩაში დაყრილი მოქალაქეები”, – განაცხადა სააკაშვილმა.

2017 წელს უჩა ნანუაშვილის ომბუდსმენობის დროს სახალხო დამცველის აპარატმა ტერმინი “ციგანი”  ბოშების მიმართ დისკრიმინაციის წამახალისებლად მიიჩნია. Reginfo-ს ცნობით, მან წინადადებით მიმართა ერთ-ერთ მედიასაშუალებას ვინაიდან მიიჩნია, რომ სიუჟეტში, ჟურნალისტის მიერ, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბოშა ბავშვების მიმართ გამოყენებული ტერმინი „ციგანი“ დისკრიმინაციის წამახალისებელია, აქვს ნეგატიური დატვირთვა და აძლიერებს ბოშა ბავშვების მიმართ არსებულ სტიგმას.

Reginfo-ს ცნობით, სახალხო დამცველს შესაბამის სიუჟეტზე რეაგირებისთვის განცხადებით ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი