ახალი ამბები

თბილისში პანკისის ხეობის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს [VIDEO]

21 აპრილი, 2019 • 1306
თბილისში პანკისის ხეობის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს [VIDEO]

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მხარს უჭერენ პანკისის ხეობის მოსახლეობას, რომლებიც ხეობაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ.

“დღეს ვნახეთ სრულიად უსუსური ხელისუფლება, რომელსაც კრიზისული ვითარების მართვა არ შეუძლია”, – ასე აფასებს პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე. მისივე თქმით, მოქალაქეებისა და სამართალდამცავების დაშავებაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება თავისი ქმედებებით.


პოლიცია და ადგილობრივები დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. ხეობაში ჩასული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ადგილობრივთა მოლაპარაკებების შემდეგ მან თქვა, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდება მანამ, სანამ პროექტს მოსახლოების 90% მაინც არ დაუჭერს მხარს და ასევე, სპეცდანიშნულების რაზმები დატოვებენ ხეობას.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეობაში ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან ეს მათ საცხოვრებელ გარემოს მნიშვნელოვნად გააუარესებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი