თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ქემალ ქილიჯდაროღლუს, ადამიანთა ჯგუფი თავს დაესხა. შემთხვევა 21 აპრილს, ანკარაში, ქურთ შეიარაღებულ პირებთან შეტაკებისას დაღუპული სამხედროს პანაშვიდზე მოხდა.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ მიიკვლევს გზას ხალხს შორის “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი, რა დროსაც აგრესიული კაცების ჯგუფი ჯერ უყვირის, შემდეგ კი ხელს ჰკრავს და რამდენჯერმე თავში ურტყამს მას. პოლიციამ ქილიჯდაროღლუ ადგილს გაარიდა და უსაფრთხოების მიზნით ახლომდებარე სახლში გადაიყვანა.
თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ ქილიჯდაროღლუმ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ინციდენტი არის შეტევა თურქეთის ერთობასა და ინტეგრაციაზე. ამჟამად, პარტიის ლიდერი თავს კარგად გრძნობს.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება უკვე გაავრცელა ანკარის ხელმძღვანელობამ და აღნიშნა, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
“თურქეთის რესპუბლიკური პარტია” ქვეყნის მთავარი, სეკულარული ოპოზიციური ძალაა, რომელმაც 31 მარტის ადგილობრივ არჩევნებზე პრეზიდენტ ერდოღანის მმართველ პარტიას თურქეთის დიდი ქალაქები, მათ შორის ანკარა, სტამბოლი, იზმირი, ადანა და ანტალია მოუგო.