დაშავებული ამბობს, რომ სპეცრაზმმა შს მინისტრის მოადგილის თანდასწრებით სცემა

ერთ-ერთი დაშავებული დავით წინწალაშვილი, რომელსაც თვალი აქვს დაზიანებული ამბობს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა შს მინისტრის მოადგილის კახაბერ საბანაძის თანდასწრებით სცემეს. პანკისის ხეობაში მცხოვრების თქმითვე, მას ქვა არ უსვრია და წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა პოლიციელებმა რეზინის ტყვიები მაინც ესროლეს.

“საბანაძე [შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე] ადგილზე იყო.. იქ იდგა, მელაპარაკებოდა, როცა წიხლქვეშ გამიგდო სპეცრაზმმა. ზემოდან ტყვიებს ისროდნენ [სპეციალური დანიშნულების რაზმები], ქვემოდან ქვებს ისროდნენ. მე პოლიციელებისკენ წავედი, უნდა მეთქვა რას აკეთებთ-თქო. ამ ხალხსაც ხელი დავუქნიე, გაჩერდით-მეთქი. როცა ავედი ტყვია მომხვდა, პირდაპირ მესროლეს,” – აცხადებს წინწალაშვილი პანკისის სათემო რადიოსთან საუბარში.

ჟურნალისტის კითხვაზე, კონკრეტულად რა პერიოდში ესაუბრებოდა საბანაძეს, დაშავებული პასუხობს, რომ როცა ადიოდა, საბანაძემ ჰკითხა აქ რა გინდაო და სწორედ ამ დროს სპეცრაზმელებმა ის სცემეს. დავით წინწალაშვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავში, საავადმყოფოში გადაიყვანა.

ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

პოლიცია და ადგილობრივები დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. ხეობაში ჩასული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ადგილობრივთა მოლაპარაკებების შემდეგ მან თქვა, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდება მანამ, სანამ პროექტს მოსახლოების 90% მაინც არ დაუჭერს მხარს და ასევე, სპეცდანიშნულების რაზმები დატოვებენ ხეობას.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეობაში ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან ეს მათ საცხოვრებელ გარემოს მნიშვნელოვნად გააუარესებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.