დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. მოსახლეობა ხეობიდან სპეცრაზმელთა გაყვანას ითხოვს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებით.
როგორც ქარტია აცხადებს, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირებისას გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. პირდაპირ ეთერში ჟურნალისტები ყვებიან, რომ დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება, რათა მათ დროულად და ადეკვატურად შეძლონ მიმდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენის გაშუქება და მოსახლეობის ინფორმირება. მნიშვნელოვანია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების მობილიზება, რათა დაშავებულებმა მიიღონ დროული დახმარება.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდება, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასწორი და სპეკულაციების შემცველი ცნობების გავრცელება”, – აცხადებს ქარტია.
პოლიცია და ადგილობრივები დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.