ახალი ამბები

ჟვანია: ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ვაგრძელებ მუშაობას ჩემს პატრიარქთან

19 აპრილი, 2019 •
ჟვანია: ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ვაგრძელებ მუშაობას ჩემს პატრიარქთან

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია თანამდებობას ტოვებს და პატრიარქის ფონდში ბრუნდება. განცხადება ამის შესახებ ჟვანიამ გაავრცელა.

ჟვანიას თქმით, ადმინსიტრაციაში პირველ მაისამდე დარჩება:

“ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, საიდან ვემსახურები ჩემს ქვეყანას, მაგრამ სჯობს იქიდან, სადაც საკუთარი თავი ჯერ არ ამომიწურავს. მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს – მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო პირველი მაისია. პირველი მაისიდან მე ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ვაგრძელებ მუშაობას ჩემს ტკბილ და ბრძენ პატრიარქთან”, – წერს ჟვანია.

ჟვანიას თქმით, მისთვის ყველაზე მტკივნეული რეორგანიზაცია და ადმინისტრაციაში კადრების შემცირება იყო:

“რთული პერიოდი გავიარე ქვეყნის მეთაურთან ერთად; ახალი კონსტიტუციით განსაზღვრული პრეზიდენტის უფლებამოსილებებისა და საქმიანობის კალაპოტში ჩასმა, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებთან და მთლიანად, საზოგადოებასთან ურთიერთობების საფუძველის მოწყობა. ყველაზე მტკივნეული ჩემთვის რეორგანიზაცია და კადრების შემცირება იყო. ახლაც ვფიქრობ ზოგიერთ ძვირფას მოხელეზე, რომლებიც ადმინისტრაციამ დაკარგა”, – წერს ლაშა ჟვანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი