ახალი ამბები

ომბუდსმენის რეკომენდაციაა, პარლამენტმა ნინო გვენეტაძეს მოუსმინოს

19 აპრილი, 2019 • 1295
ომბუდსმენის რეკომენდაციაა, პარლამენტმა ნინო გვენეტაძეს მოუსმინოს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტს ურჩევს, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან გადადგომის საკითხით დაინტერესდეს.

ლომჯარია მიიჩნევს, რომ გვენეტაძეს საკომიტეტო მოსმენის ფორმატში საინტერესო ინფორმაციის მიწოდება შეუძლია იმ პროცესების შესახებ, რომლებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობდა.

“თითქოს დავიწყებული იქნა ის მოვლენა, რაც მოხდა. სინამდვილეში მოხდა ძალიან შემაშფოთებელი რამ – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც არის სასამართლოს დამოუკიდებლობის, ხელშეუხებლობის და ჩაურევლობის გარანტია, საუბრობდა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. და სრულიად მოულოდნელად, შეიძლება მისთვისაც მოულოდნელად, ის წერს განცხადებას გადადგომის თაობაზე. დღემდე არ მოგვისმენია დასაბუთებული პასუხები, თუ რატომ მიიღო ქალბატონმა ნინომ ეს გადაწყვეტილება. ჩემი რჩევა და რეკომენდაცია პარლამენტისადმი იქნება, რომ თუკი თქვენ გაინტერესებთ, რა ხდებოდა, რისი მსხვერპლი გახდა თავმჯდომარე, რა ვითარება იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კარგი იქნება, კომიტეტის ფარგლებში გარკვეული პროცესები წარიმართოს”, – განაცხადა ლომჯარიამ.

ნინო გვენეტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შესახებ 2018 წლის 2 აგვისტოს განაცხადა და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი