ახალი ამბები

ენერგეტიკა და ტრანსპორტი – როგორ აპირებს თურნავა ეკონომიკის ზრდას

19 აპრილი, 2019 • 1501
ენერგეტიკა და ტრანსპორტი – როგორ აპირებს თურნავა ეკონომიკის ზრდას

მცირე და საშუალო ბიზნესი, ეკონომიკური ზრდის ასახვა თითოეულ ოჯახზე, სწორედ ეს პრიორიტეტები დაასახელა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახლმა მინისტრმა ნათია თურნავამ.

თურნავამ მინისტრის რანგში დღეს, 19 აპრილს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან პირველად ისაუბრა. მისი თქმით, ბიზნესწრეებთან და ბიზნესგაერთიანებებთან ეკონომიკის სამინისტრო კონტაქტს გააუმჯობესებს. როგორც თურნავა ამბობს, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში ყველაზე დიდი წვლილი ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებმა უნდა შეიტანონ.

“მინდა ორი დარგი გამოვყო- ენერგეტიკა, რომელსაც დღემდე ვხელმძღვანელობდი, და ტრანსპორტი. ეს ორი დარგი ეკონომიკურ ზრდაში ძირითადი კონტრიბუტორი უნდა იყოს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ ორი დარგის განვითარება წინსმწრები ტემპებით მთლიან ეკონომიკასთან შედარებით. რაც შეეხება ინვესტიციებს, არსებული მონაცემებით, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს, საშუალოზე მაღალია. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ რამე შემცირდა. არის კონკრეტული დარგები, მაგალითად, ენერგეტიკა, სადაც სტატისტიკურად შემცირება დაფიქსირდა, თუმცა ეს მოხდა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი დასრულდა. მაგრამ გარწმუნებთ, რომ იგივე ენერგეტიკაში სხვა ბევრი მსხვილი პროექტი გვაქვს დაგეგმილი. ეს პროექტები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელს გაზრდის და ეს 2019 წელსვე მოხდება. FDI-ის მაჩვენებელი ბოლო 10 წლის მანძილზე საშუალო დონეზე მაღალია”, – აცხადებს თურნავა.

 

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრძანებით, 18 აპრილს გიორგი ქობულია თანამდებობიდან გათავისუფლდა, ხოლო ეკონომიკის  და მდგრადი განვითარების ახალ მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა. მინისტრობამდე თურნავა ქობულიას მოადგილე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი