ახალი ამბებიკომენტარი

„კონსულტაციებს გავივლით“ – თალაკვაძე მოსამართლეთა მხოლოდ ნაწილის დანიშვნაზე

18 აპრილი, 2019 • 1873
„კონსულტაციებს გავივლით“ – თალაკვაძე მოსამართლეთა მხოლოდ ნაწილის დანიშვნაზე

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი გუნდი — უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებს ყველა ვაკანტურ ადგილზე ახლანდელი პარლამენტი განაწესებს, თუ მოსამართლეთა მხოლოდ ნაწილს დანიშნავს, დანარჩენს კი შემდეგი მოწვევის პარლამენტს დაუტოვებს დასანიშნად, როგორც ეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებშია გაწერილი?

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პარლამენტი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, კონსულტაციას გაივლის მოსამართლეების რაოდენობასთან დაკავშირებით. თალაკვაძემ ამ საკითხზე ჟურნალისტების კითხვას 18 აპრილს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ ასე უპასუხა:

„შეგახსენებთ, სიტყვა-სიტყვით რა წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში: პარლამენტმა უნდა გაიაროს კონსულტაცია სასამართლო ხელისუფლებასთან უზენაეს სასამართლოში დასამტკიცებელი მოსამართლეების რაოდენობასთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც პოლიტიკურ საკითხს ეხება. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩვენ ამ რეკომენდაციას განვიხილავთ, ამ კონსულტაციებს აუცილებლად გავივლით და მივიღებთ შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“.

თალაკვაძის თანახმად, უმრავლესობა ორ დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, როგორია ამ თემაზე არა უმრავლესობის, არამედ მისი პირადი პოზიცია, რაზეც თალაკვაძემ უპასუხა:

„იმ საზოგადოების, რომელსაც ახლა მე და თქვენ ვესაუბრებით, არჩევანი იყო, ჰყოლოდა პარლამენტი, რომელშიც იქნებოდა დისკუსია და არგუმენტების გაცვლა. სწორედ ასეთი პარლამენტი არის დღეს და ასეთი არის უმრავლესობის გუნდი, სადაც ყველა არგუმენტის გაცვლა და განხილვა ხდება. ის, რომ ჩვენს კოლეგებს ჰქონდათ პოზიციები სხვადასხვა საკითხზე, ნორმალურია, მაგრამ მე გითხარით, თუ რა არის პოლიტიკური შეთანხმება გუნდის შიგნით. ჩვენ დავიცავთ პირობას და ნახავთ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში განხილვის შემდეგ ჩვენ მივიღებთ ამ კანონპროექტზე გადაწყვეტილებას“.

ვენეციის კომისიამ 16 აპრილს გამოაქვეყნა რეკომენდაციები პარლამენტის მიერ მოსამართლეების უვადოდ განწესებასთან დაკავშირებით. რეკომენდაციებში ასახულია ის შეთავაზებები, რომელთა საჭიროებაზეც არასამთავორობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ პარლამენტს. ერთ-ერთი რეკომენდაციით, ახლანდელმა პარლამენტმა მოსამართლეთა მხოლოდ ნაწილი უნდა დანიშნოს უვადოდ.

[red_box]რას ამბობს ვენეციის კომისია?[/red_box]

ახლანდელი კანონითა და მმართველი გუნდის შემოთავაზებული ცვლილებებით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა ახალი შემადგენლობა ეყოლება, — უვადოდ დაინიშნება 18-დან 20-მდე მოსამართლე.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, პარლამენტმა მოსამართლეები უვადოდ უნდა დანიშნოს არა ყველა ვაკანტურ ადგილზე, არამედ მოსამართლეთა მხოლოდ ის რაოდენობა, რაც უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციითვე, ის, თუ რამდენი მოსამართლეა ამისთვის საჭირო, უნდა გადაწყდეს უზენაეს სასამართლოსთან კონსულტაციების შემდეგ. მოგვიანებით კი, უკვე ახალი პარლამენტი, რომელსაც შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე აირჩევენ [2020 წელს], დანიშნავს მოსამართლეებს დარჩენილ ადგილებზე.

კომისიის თანახმად, ასეთი გადაწყვეტილება გაათავისუფლებს უზენაეს სასამართლოს არსებული ტვირთისგან და ხანგრძლივ პერიოდში ისეთი სანდოობის გარანტი იქნება, რასაც ეს ინსტიტუტი იმსახურებს.

ნახეთ ვრცლად:

რა კრიტიკული რეკომენდაციები აქვს ვენეციის კომისიას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი