ახალი ამბები

მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტის განხილვა ხვალისთვის გადაიდო

17 აპრილი, 2019 • 1164
მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტის განხილვა ხვალისთვის გადაიდო

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა 18 აპრილისთვის გადადო.

დღის წესრიგით კანონპროექტის განხილვა დღეს იგეგმებოდა. დეპუტატებისთვის პლენარულ სხდომაზე განსახილველად დარიგებულ კანონპროექტში ასახული არ იყო ვენეციის კომისიის ის რეკომენდაციები, რომელთა გაზიარებასაც უმრავლესობა გეგმავს. ოპოზიციის წარმომდგენლებმა მოითხოვეს, მათთვის წერილობითი სახით მიეწოდებინათ ახალი პროექტი ან განხილვა გადადებულიყო. პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა, შემდეგ კი განხილვის ხვალისთვის გადადების შესახებ განაცხადა.

“ჩვენ შეხვედრა გვქონდა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში. გამოითქვა მოსაზრება და თხოვნა ჩვენი კოლეგების მხრიდან, რომ უმჯობესია, ჯერ ჩასწორებული ტექსტი დარიგდეს და ამის შემდეგ დავიწყოთ უკვე საგნობრივი განხილვა, რაც ჩვენ გავიზიარეთ. შესაბამისად, გთავაზობთ, რომ დღეს აღარ გამოვიტანოთ ეს კანონპროექტი და ხვალ, 12:00 საათიდან განვაახლოთ სხდომა”, – განაცხადა კობახიძემ.

ხვალვე, განხილვის დაწყებამდე, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.  შეხვედრა “ქართული ოცნების” ოფისში 10:00 საათზე დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა მას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი