საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ყოფილ თანამებრძოლ გიგა ბოკერიას უცენზუროდ მოიხსენიებს და ფეისბუკზე წერს:
“ლოზუნგური აზროვნების კლასიკური ნიმუში. ეს ასეთი შტერი არ იყო და აბა, რა თავს იშტერებს. ვითომ ვერ გაიგო, რა ვთქვი”, – წერს მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას შესახებ. სააკაშვილს გაზიარებული აქვს ბოკერიას განცხადება, სადაც ბოკერია სააკაშვილს დასავლეთზე გაკეთებული განცხადებისთვის აკრიტიკებს.
სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ უკრაინის საკითხზე საუბრისას პარალელები გაავლო დასავლეთსა და პუტინის რუსეთს შორის:
“ძალიან წარმატებული უკრაინა არავის არ სჭირდება. ნუ მოვიტყუებთ თავს… ისე, როგორც ძალიან წარმატებული საქართველო არავის არ სჭირდებოდა. ყოველთვის ყველას, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებს…
ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს პუტინი, რომლსაც უკრაინის არსებობა საერთოდ არ სჭირდება, რომლისთვისაც უკრაინა არის ანაქრონიზმი და მისი არსებობა მისთვის გაუგებარია, მეორე მხრივ, არსებობს დასავლეთი, რომელსაც ასევე კოლონიალური მიდგომები აქვს: კარგი, იყოს უკრაინა, მაგრამ სადღაც კუთხეში. რაში სჭირდებათ მათ უკრაინიაში ავიამშენებლობა… კოსმოსური… მათ სჭირდებათ უკრაინელები, როგორც სამუშაო ძალა… დიახ, ეს ასეა”, – თქვა სააკაშვილმა.
“ევროპული საქართველოს” ლიდერმა და სააკაშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა გიგა ბოკერიამ ყოფილი პრეზიდენტი სწორედ ამ განცხადების გამო გააკრიტიკა.
“ყველა განცხადება, რომელიც რუსეთის აგრესიას რაიმე ფორმით მაინც ერთ კონტექსტში განიხილავს თავისუფალი სამყაროს პოლიტიკასთან, თუნდაც ისეთ პოლიტიკას, რომელიც ვინმეს მცდარად მიაჩნია რაღაც საკითხში, არის პირდაპირ წყლის დასხმა პუტინის პროპაგანდის წისქვილზე”, – უთხრა გიგა ბოკერიამ ტაბულას. სააკაშვილის განაწყენება ბოკერიას სწორედ ამ ინტერვიუმ გამოიწვია.