ახალი ამბები

“ევროპულმა საქართველომ” სანქციებში საქართველოს საკითხის შეტანის თაობაზე რეზოლუცია მოამზადა

16 აპრილი, 2019 • 1827
“ევროპულმა საქართველომ” სანქციებში საქართველოს საკითხის შეტანის თაობაზე რეზოლუცია მოამზადა

“ევროპულმა საქართველომ” მოამზადა რეზოლუციის პროექტი, რომლითაც პარლამენტი მთავრობას რუსეთის ფედერაციაზე დაწესებულ საერთაშორისო სანქციებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მათ შორის, ამ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას ავალდებულებს.

“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა ამერიკული კომპანია Airbnb-ის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოპერირების განახლებას და აღნიშნა, რომ ეს გარკვეული თვალსაზრისით ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციაა. დეპუტატის თქმით, სწორედ ამას გულისხმობდა, როდესაც გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რადგან მამუკა ბახტაძემ სიტუაცია აღწერა, მაგრამ მოთხოვნები არ დაუყენებია.

“[პრემიერს] ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ რუსეთისთვის უკრაინაში მოქმედების გამო დაკისრებულ სანქციებში ჩვენი თემატიკის შეტანა არ მოუთხოვია. შედარებისთვის რომ ნახოთ, ყირიმში Airbnb ვერ ოპერირებს, ვერც მსგავსი კომპანიები, იმიტომ, რომ იქ მოქმედებს შესაბამისი სანქციები. აფხაზეთში ოპერირებს, ანუ აქირავებს, მათ შორის, იქიდან გამოყრილი ჩვენი მოქალაქეების, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონებას და ეს გარკვეული თვალსაზრისით, არის ეთნიკური წმენდის ერთგვარი ლეგიტიმაცია და ძალიან სახიფათო პრეცედენტი”, – განაცხადა კანდელაკმა.

მისი თქმით, “ევროპული საქართველოს” პარლამენტში შეაქვს რეზოლუციის პროექტი, რომლითაც პარლამენტმა უნდა დაავალოს მთავრობას, საერთაშორისო სანქციების პაკეტებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვისა და ადამიანის უფლებების დარღვევების საკითხის შეტანის ინსტრუქცია გასცეს.

“ევროპული საქართველოს” რეზოლუციის პროექტი

საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის შესახებ

“ვინაიდან რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო ოკუპაციას;

ვინაიდან რუსეთის ფედერაცია უარს აცხადებს შესრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება; კერძოდ, უკან დახიოს საკუთარი შეიარაღებული ძალები ომამდელ პოზიციებზე და დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საკუთარი მანდატით განსზღვრულ არეალში – საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

ვინაიდან რუსეთის ფედერაცია კვლავაც გამოირჩევა დესტრუქციული მიდგომით ჟენევის მოლაპარაკებებზე, განსაკუთრებით, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებისა და ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრის საკითხებზე;

ვინაიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული საერთაშორისოდ აღიარებული ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრა – დევნილთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება და მათი საკუთრების უფლებების აღდგენა – და, ასევე, სრული დეოკუპაცია საქართველოს სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტებია;

ვინაიდან ეთინკური წმენდის შედეგების ნებისმიერი ფორმით ლეგიტიმაცია და განმტკიცება – მათ შორის ეთნიკური წმენდის მსხვერპლთათვის წართმეული უძრავი ქონების დასავლური კომპანიების მიერ გაქირავება – საქართველოს სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელია.

საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მიიღოს ყველა ზომა და ჩაატაროს აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაო, რათა:

  •  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;
  • ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბაისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ასევე შევიდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია;
  • ევროპის კავშირმა და აშშ-მა შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართვლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი