ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარ ხანძარს ეხმაურება. “ვუთანაგრძნობ ჩემს ქრისტიან მეგობრებს” – აცხადებს ნაკაიძე.
“სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა პარიზში, დაიწვა უდიდესი კულტურული და რელიგიური მნიშვნელობის ძეგლი და ძალიან მძიმეა საყურებლად. მადლობა ღმერთს, არავინ დაღუპულა. ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ მთელი მსოფლიოს ტრაგედიაა. ვუთანაგრძნობ ჩემს ქრისტიან მეგობრებს”, – აცხადებს ნაკაიძე.
ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 15 აპრილს, შუადღისას გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ასობით მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ებრძოდა ცეცხლს, რომელიც 850 წლის წინათ აგებულ, ისტორიულად უმნიშვნელოვანეს ტაძარს მოედო და მისი ცნობილი სამრეკლოც შეიწირა – კონსტრუქციის ჩამოქცევის კადრები პირდაპირ ეთერში იხილა მსოფლიომ.
ბოლო ცნობებით, მიუხედავად ზარალისა, მეხანძრეებმა ტაძრის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა შეძლეს.