ახალი ამბები

ღარიბაშვილი პოლიტიკაში ჭორაობით არის დაკავებული – ბოკუჩავა

15 აპრილი, 2019 • 1041
ღარიბაშვილი პოლიტიკაში ჭორაობით არის დაკავებული – ბოკუჩავა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა “ივანიშვილის სტილში ჭორაობას” უწოდებს “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსის დასახელებამ ენმ-ში ხელჩართული დაპირისპირება გამოიწვია.

ბოკუჩავას თქმით, მას ამ ტიპის ტყუილი არ აკვირვებს, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი ადამიანების პირად ცხოვრებაზე ჭორაობდა პირდაპირ ეთერში და მთავრობის სხდომებზე.

“როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილი თავისი ბელადის სტილს არ არღვევს და პოლიტიკაში ჭორაობით არის დაკავებული. მე მას ვურჩევდი, ცოტა უფრო სერიოზული სტილით დაკავდეს, თუ აქვს რაიმე პრეტენზია, რომ იყოს პოლიტიკოსი და პოლიტიკურ პროცესებში წვლილი შეიტანოს, თუმცა ამის მოლოდინი არ მაქვს”, – განუცხადა ბოკუჩავამ “ნეტგაზეთს”.

ბოკუჩავა ადასტურებს, რომ სანდრა რულოვსის გარდა, ზუგდიდის მერობის სხვა კანდიდატებიც განიხილებოდა, მაგრამ პოლიტსაბჭო დემოკრატიული და ფართო მსჯელობის შედეგად მივიდა გადაწყვეტილებამდე.

მისი თქმით, ღარიბაშვილი უკიდურესად დისკრედიტირებული ფიგურაა, რომელიც ღიად ავლენს “ქართული ოცნების” ყველაზე ბინძურ ზრახვებს, მათ შორის, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა ნიკა მელია სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიაში, ბოკუჩავა პასუხობს:

“ჩვენ ყველა ჩავერთვებით საარჩევნო კამპანიაში. მოგეხსენებათ, მეც და ბატონი ნიკაც პარლამენტის წევრები ვართ და, შესაბამისად, გარკვეული ვალდებულებები გვაქვს ასევე საქართველოს პარლამენტში, თუმცა ყველანაირად ვეცდებით, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი კამპანიის აქტიური მონაწილეები ვიყოთ”.

ამავე თემაზე:

ღარიბაშვილი: ენმ ზუგდიდში მელიას აყენებდა კანდიდატად, ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა

მასალების გადაბეჭდვის წესი