ახალი ამბები

რატომ არ არსებობს სერვისი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის

15 აპრილი, 2019 •
რატომ არ არსებობს სერვისი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის

“სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის რეაბილიტაციის სახელმწიფო სერვისი ისევ არ არსებობს,” – აღნიშნა დღეს, 15 აპრილს, სასტუმრო “რუმსში” გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

შეხვედრაზე პროექტის, “ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად” – შედეგები განიხილება. ამ პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზაცია “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი” ახორციელებდა.

პროექტის ფარგლებში ადვოკატირების რამდენიმე ცენტრი შეიქმნა, სადაც ბავშვებს და 21 წლამდე ძალადობის მსხვერპლ ახალგაზრდებს ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები ეხმარებიან. პროექტი მაისში სრულდება.

სახალხო დამცველის  აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაია გედევანიშვილმა თავის გამოსვლაში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს ევროსაბჭოს წინაშე 2014 წელს აღებული ვალდებულება ჯერ კიდევ არ შეუსრულებია, რაც ამ მიმართულებით შესაბამისი სარეაბილოტაციო პროგრამების ამოქმედებას გულისხმობს.

“2018 წლის მაისში ჩვენ მივმართეთ მთავრობას რეკომენდაციით… დაწყებულია მნიშვნელოვანი რამ – ფიქრი და მუშაობა… მეორე პრობლემა არის ასევე პრევენცია,”- აღნიშნა მაია გედევანიშვილმა.

“რეგიონებში ბევრად მაღალია მომართვიანობა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის კუთხით,” – დასძინა მარიამ მასხულიამ, “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის” პროექტის კოორდინატორმა.

შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელიც ესწრება. ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ მულტიდისციპლინარული მუშაობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.

რატომ ვერ იქმნება შესაბამისი რეაბილიტაციის პრიგრანები სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის? – შეკითხვა “ნეტგაზეთმა” შსს-ს წარმომადგენელს დაუსვა.

” ამ შეკითხვას, ალბათ, უფრო სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა უპასუხოს… რიგ შემთხვევაში ვახერხებთ, რიგ შემთხვევაში – ვერა. რეგიონებში ხშირად მინიმალური პრობლემებიც ვერ კმაყოფილდება, იქ ხშირად ფსიქოლოგის პრობლემაა,”- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

საზოგადოების დამოკიდებულების პრობლემაზე ისაუბრა ლია სარალიძემ, “საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა.

“როცა კონკრეტულ ისტორიაზე დაყრდნობით მოვამზადეთ ვიდეორგოლი, ეს ეხებოდა 12 წლის გოგოსთან ინცესტს მამის მხრიდან. მეგონა, რომ ამას მოჰყვებოდა მკაცრი რეაქცია და აღშფოთება, მაგრამ ასე არ მოხდა, საზოგადოებას არ ჰქონია რეაქცია ამაზე,”- თქვა მან.

“ჩვენ ღირებულად მივიჩნევთ მსგავსი პროექტისთვის დახარჯულ ფულს”,- აღნიშნა კატალინ გერმანმა. ის ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი