“ქართულმა ოცნებამ” მარნეულის მერობის კანდიდატად ზაურ დარგალი წარადგინა

“ქართულმა ოცნებამ” მარნეულში მერობის კანდიდატად ზაურ დარგალი წარადგინა. ქალაქის კულტურის სახლის მიმდებარედ შეკრებილ მხარდამჭერებს დარგალის გარდა სიტყვით პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა და პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართეს.

მერობის კანდიდატი ამომრჩეველს მიმდინარე პროექტების “უფრო დიდი ტემპებით” განხორციელებასა და სოფლის გაძლიერებას დაჰპირდა.

“ჩვენ მოვალთ ყველა ოჯახში, ყველა სოფელში და თქვენთან ერთად, თქვენი უშუალო ჩართულობით, ავაშენებთ უფრო ძლიერ მარნეულს, უფრო ძლიერ სოფელს და ძლიერი სოფლის იდეა, მიზანი, რომელიც გააჩნია ჩვენს გუნდს, დავიწყებთ აქედან. დავიწყებთ ერთად, მარნეულიდან. პროექტები, რომლებიც წლებია, ხორციელდება, მივუდგებით უფრო დიდი ტემპებით და ძლიერად, ერთად დგომით გავაგრძელებთ ამ ყველაფერს”, – აღნიშნა მან.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი მარნეულის მოსახლეობას ქალაქში სოფლის მეურნეობის პროგრამების “გასამმაგებას” დაჰპირდა და განუცხადა, რომ 2019 წელს მარნეულისათვის გამოყოფილი ინვესტიციები “რეკორდულია”.

“2019 წელს ჩვენ გამოვყავით რეკორდული რაოდენობის ინვესტიციები მარნეულისთვის. იმისთვის, რომ დავაგოთ ახალი გზები, ავაშენოთ ახალი სკოლები და ბაღები, ავაშენოთ და მწყობრში მოვიყვანოთ საირიგაციო სისტემები და მოვაწესრიგოთ ყველა ინფრასტრუქტურული პრობლემა, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა მარნეულში. ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

“ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, კულტურის სახლის მიმდებარედ შეკრებილებს ისევ შეახსენა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა, ზაურ დარგალი კი მოიხსენია “საამაყო მაგალითად”, თუ როგორ უნდა შეძლოს “ახალგაზრდა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა, მიაღწიოს ძალიან დიდ წარმატებას”.

“…ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლების ხელწერა, ეს იყო ჩვენი მოსახლეობის ჩაგვრა, ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული არნახული ძალადობა, რომელიც 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დავამარცხეთ. ნურავის ექნება იმედი, ამ უსუსურ ოპონენტებს მინდა, მივმართო, რომ ისინი შეძლებენ რაიმე ფორმით შუღლის, განხეთქილების შემოტანას ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენი გუნდი ამას არ დავუშვებთ და არჩევნებზე აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მერობის კანდიდატის შესაძლებლობები შეკრებილებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილიც ესაუბრა.  მისი თქმით, ზაურ დარგალთან მუშაობის გამოცდილება თავადაც ჰქონდა:

“…ზაური წლების განმავლობაში მუშაობდა ჩვენთან, ჩემს სამინისტროში, ქვემო ქართლში წარმომადგენლად სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით და ამ პერიოდში ჩვენ ერთად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. მაშინაც და დღესაც, ეს ნაბიჯები ემსახურებოდა და ემსახურება იმას, რაც არის ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტი, რომ ამ ქვეყანაში თითოეული ჩვენი მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, იყოს მაქსიმალურად ჩართული ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში”.

არჩევნები მარნეულში 19 მაისს გაიმართება.


მარნეულში შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პატიმრობიდან 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულმა მერმა, თემურ აბაზოვმა, თანამდებობა დატოვა. მან უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მარნეულის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვალს მიმართა.

რადიო მარნეულმა  და სტუდია მონიტორმა 12 ივნისს გაავრცელეს ცნობა, რომ მარნეულში ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის შეგინების შემდეგ მოქალაქეს ბოდიში მოახდევინეს და სახის საკუთარი შარდით დაბანა აიძულეს.

როგორც სათემო რადიო წერს, დამამცირებელი ვიდეოს გადაღებას ესწრებოდა მარნეულის მერი თემურ აბაზოვიც. თუმცა თავად აბაზოვმა უარყო ცნობები და განაცხადა, რომ შემთხვევის შესახებ არაფერი იცოდა.

აბაზოვს პროკურატურამ თავდაპირველად მხოლოდ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დასდო ბრალი, რაც 5-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა. სექტემბერში აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა — იგი პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფაშიც დაადანაშაულეს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან