ნეტგაზეთი | ფეხბურთელებს ცხინვალიდან მთავრობის გუნდი შეეჯიბრება ფეხბურთელებს ცხინვალიდან მთავრობის გუნდი შეეჯიბრება – Netgazeti
RU | GE  

ფეხბურთელებს ცხინვალიდან მთავრობის გუნდი შეეჯიბრება

საფეხბურთო გუნდი “ლიახვი,” რომელიც, ძირითადად, ცხინვალიდან ჩამოსული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, 12 ოქტომბერს, გორის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს მთავრობის წევრებით დაკომპლექტებულ გუნდს შეეჯიბრება. 

როგორც ნეტგაზეთს გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სოსო ვახტანგიშვილმა განუმარტა, გუნდი “ლიახვი” საქართველოში, როგორც აიპ-ი დაფუძნდა და მასში რამდენიმე კვირის წინ ცხინვალიდან ჩამოსული 8 ფეხბურთელი თამაშობს. 

 

“გარკვეული საფრთხეებდან გამომდინარე არ ვასაჯაროვებდით ამ ინფორმაციას. ეს ფეხბურთელები დაახლოებით 2 თვეა საცხოვრებლად აქ ჩამოვიდნენ. ეს პერიოდიც აქვე ვარჯიშობდნენ,”- ამბობს ვახტანგიშვილი. 

 

რაც შეეხება “ლიახვის” სხვა მოთამაშეებს, მათ შორის, როგორც ვახტანგიშვილი ამბობს, არიან ფეხბურთელები ჩრდილოეთ ოსეთიდან და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან – კონფლიქტისპირა ზოლის სოფლებიდან. 

 

ამ ეტაპზე გუნდის ფინანსურ მხარდაჭერას, გორის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, სპონსორები ფარავენ, თუმცა მომავალი წლის ბიუჯეტში “ლიახვისთვის” ფინანსების გამოყოფის საკითხი განიხილება. 

 

სოსო ვახტანგიშვილი ამბობს, რომ ეს ფაქტი “უაღრესად მნიშვნელოვან გარღვევად შეიძლება ჩაითვალოს ქართულ-ოსური ურთიერთობის საკითხებში, ვინაიდან ამ ფაქტის შემდეგ არ არის გამორიცხული, სხვა სპორტის წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ აქ ჩამოსვლის საკითხით.”


გუნდ “თბილისის” შემადგენლობაში, რომელიც “ცხინვალს” შეეჯიბრება, ითამაშებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და სხვები.

 

   

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
 

   
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო კახიშვილი