შსს-ს ცნობით, ლიმონ ა-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 35 წლის კაზანთარ ა.
გამოძიების ცნობით, დაკავებული საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნათესავ ქალს – ლიმონ ა-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში ფიზიკურად გაუსწორდა:
“კაზანთარ ა-ს თანმხლებმა პირმა ქალბატონის საცხოვრებელი სახლის ეზოში სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა. კაზანთარ ა. თანმხლებ პირთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლიმონ ა-ს მიღებული დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. მას საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის ლიმონ ა-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”, – აცხადებენ შსს-ში.
კაზანთარ ა. მომხდარიდან მეორე დღეს საგარეჯოს რაიონში დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში დაზარალებულმა განაცხადა, რომ ბიძაშვილებმა სასტიკად სცემეს და მას საფრთხე ემუქრება საავადმყოფოდან გაწერისა და შინ დაბრუნების შემდეგ. ამავე სიუჟეტში დაზარალებულის მეზობლები ღიად აცხადებენ, რომ ლიმონ ა.-ს სოფელში ცხოვრების უფლებას არ მისცემენ.





