ახალი ამბები

თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის რეალური და მთავრობის ფასი

10 ოქტომბერი, 2014 • • 1853
თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის რეალური და მთავრობის ფასი

2014 წლის 1 სექტემბრიდან, ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება გაიზარდა. ამ დღიდან მისი მანდატი ვრცელდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ მონაცემთა დამუშავებაზე, მათ შორის ფარული მიყურადებისა და თვალთვალის კანონთან შესაბამისობაში განხორციელების ზედამხედველობა სწორედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დაევალა. ამასთან, თუ აქამდე ინსპექტორის უფლებამოსილება მხოლოდ საჯარო სექტორზე ვრცელდებოდა ადამიანის პირადი მონაცემების დამუშავების კანონიერების კონტროლის კუთხით, 1 ნოემბრიდან  სამსახური კონტროლს კერძო სექტორშიც დაიწყებს. მათ შორის საუბარია არასასურველი სარეკლამო შეტყობინებების რეგულირების თემაზეც.

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში პირველი წარდგინებით შეიტანა ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მიუხედავად დამატებული უფლებამოსილებებისა, ინსპექტორის აპარატის დაფინანსების ზრდას არ ითვალისიწნებს. პროექტის თანახმად, ისევე როგორც 2014-ში, ინსპექტორის აპარატი 2015 წელსაც 600 ათას ლარს მიიღებს.


სკრინშოტი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან/ფინანასთა სამინისტროს ვებგვერდი
სკრინშოტი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან/ფინანასთა სამინისტროს ვებგვერდი

 

“პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონში შესულია ცვლილებები, რომელიც საკმაოდ მნიშვენლოვან რესურსებს მოითხოვს აპარატისთვის. იგივე ფარული მოსმენების საკითხზე ინსპექტორს აქვს გარკვეული უფლებმოსილებები, კერძოდ იმის დადგენა შეუძლია, ხომ არ ხდება ადამიანის სატელეფონო საუბრებზე უკანონოდ მიყურადება. გარდა ამისა, 1 ნოემბრიდან, ანუ ზუსტად ერთი თვის ვადაში პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს ენიჭება კერძო სექტორში პერსონალური მონაცემების დაცვის კონტროლის კომპეტენცია. საუბარია, მონიტორინგზე, სანქცირებაზე, რეკომენდაციების გაცემის უფლებამოსილებაზე…. ძალიან ბევრი კერძო ორგანიზაცია არსებობს და რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც საჭიროა ინსპექტორის აპარატში თანამშრომლობის ზრდა. ამ ფონზე თუკი არც დაფინანსება გაიზრდება და არც თანამშორმელთა რაოდნეობა, პერსონალური მონაცემების დაცვის ინპექტორი მის გაზრდილ უფლებამოსილებებს სათანადოდ ვერ შეასრულებს”, – აცხადებს საიას იურისტი გიორგი გოცირიძე, რომლის ორგანიზაცია არასამთავრობოთა კოალიცია “ეს შენ გეხებას” წევრია.

 

მისივე თქმით, ფარული მიყურადების კონტროლის თვალსაზრისით, ინსპექტორის აპარატს აუცილებლად დასჭირდება ან არსებული თანამშრომლების გადამზადება, ან ახალი კადრების აყვანა, რადგან ეს საკმაოდ სპეციფიკური საქმეა, რომელსაც სპეციალური ტექნიკური ცოდნა სჭირდება კომუნიკაიცების სფეროში.

თამარ ქალდანი
თამარ ქალდანი

პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი კი აცხადებს, რომ ადამიანური რესურსების გარდა პოლიციის სექტორში მონაცემების დამუშავების მონიტორინგს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობებიც სჭირდება, რომელიც ამ დროისთვის აპარატს არ გააჩნია. როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, აპარატი ბიუჯეტის 1 450 000 ლარამდე გაზრდას, ასევე თანამშრომლების არსებული 14-კაციანი გუნდის გაორმაგებას ითხოვს. ქალდანის განმარტებით, მათ მიერ მოთხოვნილი თანხის 272 600 ლარი სწორედ საჭირო ტექნოლოგიურ აღჭურვილობასა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაიხარჯება, 77 ათასი ლარი საოფისე ინფრასტრუქტურაზე, ხოლო 851 ათასი ლარი თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე. თუ 28 თანამშრომელზე ვიანგარიშებთ, გამოდის, რომ საშუალოდ თითო თანამშრომელი თვის განმავლობაში საშუალოდ 2500 ლარს მიიღებს, ქალდანი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ აპარატს სპეციფიკური სამუშაოს შემსრულებელი თანამშრომლები სჭირდება, რომელთა საჯარო სექტორით დაინტერესებისათვის შეძლებისდაგვარად კარგი ხელფასის შეთავაზებაა საჭირო. პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ თუ აპარატის დაფინანსება არ გაიზრდება, იგი იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად წარმოიშვა, ვერ შეძლებს.

“განიხილება ეს თემა. ვიცით, რომ მეტი თანხაა საჭირო, ეს გამოიყოფა, მაგრამ რამდენი იქნება ზუსტად, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა”, – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ნეტგაზეთის შეკითხვას, აპირებს თუ არა მთავრობა, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს დაფინანსება გაუზარდოს. მანამდე მან პარლამენტში გამართულ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეპუტატებსა და ინსპექტორს სამსჯელო საკითხად დაფინანსების გაორმაგება, ანუ 1 200 000-მდე გაზრდა შესთავაზა.

თამარ ქალდანის განცხადებით კი, თუ დაფინანსება 1 200 000 იქნება და არა მათ მიერ მოთხოვნილი 1 450 000 ლარი, ეს პირველ რიგში პოლიციის სექტორში მონაცემების დამუშავების მონიტორინგის საქმეს დააზარალებს, რადგან ის 272 600 ლარი, რომელიც პროგრამული და ტექნოლოგიური უზრუნველყოფისთვიისა გამიზნული, სწორედ სამართალდამცავი უწყებების სფეროს კონტროლისთვისაა საჭირო. პერსონალური მონაცემების ინსპექტორის, როგორც დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს ფუნქციონირება საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომელიც პირდაპირაა მიბმული ასოცირების ხელშეკრულებასა და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან. ქალდანის თქმით, იგი ევროკავშირთანაც მუშაობს დამატებითი რესურსების მოძიებაზე, იქნება ეს ფინანსური თუ ტექნოლოგიური, თუმცა ინსპექტორის განცხადებით, 1 450 000 ლარი, რომელსაც იგი ბიუჯეტიდან ითხოვს, მაინც მნიშვნელოვანია, რადგან ამ თანხამ ევროკავშირის მხარდაჭერასთან ერთად კორელაციაში უნდა უზრუნველყოს სამსახურის ეფექტიანი მუშაობა.

 

თამარ ქალდანის პოზიციას მხარს უჭერენ დეპუტატები, რომელთაც ნეტგაზეთი ესაუბრა. იურდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ მთავრობას ინსპექტორის წინადადების დაკმაყოფილების რეკომენდაცია მისცა. მეორე დეპუტატი უმრავლესობიდან თამარ კორძაია კი აცხადებს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის არსებობა და მისთვის შესაბამისი ფუნქციების გადაცემა რევოლუციური მნიშვნელობის ცვლილებებია. ამიტომ, მისი ეფექტური საქმიანობა ქვეყნის ღირსების საქმეა. საპარლამენტო უცმირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი კი ფიქრობს, რომ შექმნილი სიტუაცია მთავრობისთვის ერთგვარი ტესტია, რომელმაც უნდა გამოაჩინოს, რეალურად სურს თუ არა ხელისუფლებას მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა:

 

“ოპოზიციას იმთავითვე გვაინტერესებდა რამდენად რეალურად შეძლებდა ინსპექტორი, რომ წვდომა ჰქონოდა შსს-ში დაცულ პერსონალურ მონაცემებზე, რამდენად იქნებოდა შესაძლებელი, რომ მას კერძო სექტორში არსებული მონაცემეთა დაცვის მდგომარეობა გაეკონტროლებინა. თუკი მისი ბიუჯეტი არ გაიზრდება, ეს ფაქტი ალბათ, მიუთითებს ხელისუფლების ძალიან ცხად პოზიციაზეა იმასთან დაკავშირებით, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ ქაღალდზე უნდა დარჩეს და პრაქტიკაში არ განხორციელდეს. ზოგადად ამ ბიუჯეტს მთლიანობაში ძალიან ბევრი ხარვეზი აქვს, რის გამოც ჩვენ ვაპირებთ ფინანსთა მინისტრის პარლამენტში მოწვევას და მისთვის კითხვების დასმას”, – აცხადებს თაქთაქიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი