“2 ოქტომბერს ერევანში, საკუთარ სახლში მომიწია ერთი დღით გამგზავრება. როცა ჩამოვედი, მეზობლებმა მითხრეს, მერიის ორი თანამშრომელი მოვიდა ჩვენს საცხოვრებელ სახლთან და ჩემს აივანზე გადაკიდებული სომხეთის დროშის ჩამოხსნა მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში 500 ლარით დამაჯარიმებდნენ. მაშინვე ჩამოვხსენი დროშა, თუმცა შეურაცხყოფილი ვიყავი – თუკი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგალითად, უკრაინის დროშის გამოფენა, მაინცდამაინც სომხეთის დროშამ რა დაუშავათ,”- ამბობს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის [GIPA] სტუდენტი კარენ ტოვმასიანი ნეტგაზეთთან საუბარში.
თბილისის მერიის ზედახედველობის საქალაქო სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ საცხოვრებელი სახლის აივანზე დროშის გამოფენა არანაირ რეგულაციას არ ექვემდებარება და კანონით არ იზღუდება.
“კონკრეტულად ზედამხედველობის სამსახურიდან იქ მისული არავინ ყოფილა. თუმცა, მერიის სხვა სამსახურიდან თუ იყო ვინმე მისული, ან თუ ვინმემ ისარგებლა მერიის სახელით, ამას, სამწუხაროდ, ვერ გავარკვევ,”- უთხრა ნეტგაზეთს ოთარ კანდელაკმა, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის თანაშემწემ.