ახალი ამბები

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ზესტაფონში ერთი პირი დააკავეს

12 აპრილი, 2019 • 860
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ზესტაფონში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა კრიმინალური ავტორიტეტი და ქურდული სამყაროს აქტიური წევრი, წარსულში ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ჩ. ქ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ზესტაფონში დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ჩ.ქ. ზესტაფონში ერთ-ერთ მეწარმეს თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, “ქურდული გარჩევის” გზით, ე.წ. “კანონიერი ქურდების” სასარგებლოდ ბიზნესსაქმიანობიდან გარკვეული წილის დათმობას აიძულებდა.

როგორც სამართალდამცავი უწყება აცხადებს, პოლიციამ, დაკავებული ჩ.ქ-ს ავტომანქანის ჩხრეკისას “ტტ”-ს მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

გამოძიება “ქურდული სამყაროს” წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი