ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის ატომურმა სადგურმა რემონტის გამო მუშაობა შეაჩერა

9 ოქტომბერი, 2014 •
სომხეთის ატომურმა სადგურმა რემონტის გამო მუშაობა შეაჩერა

იმის მიუხედავად, რომ სეზონის მიუხედავად, ატომური სადგური ქვეყნის მთელი ელექტროენერგიის 40-50 პროცენტს გამოიმუშავებს, ოფიციალური პირების განცხადებით, სომხეთის მომხმარებელები ელექტროენერგიის დეფიციტს არ იგრძნობენ. კერძოდ, შეუფერხებელი ენერგომომარაგებისთვის ექსპლუატაციაში შევიდა მე-5 ენერგობლოკი. 

 

როგორც ჟურნალისტებს სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ერვანდ ზახარიანმა განუცხადა, სარემონტო სამუშაოები გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს, იმის მიუხედვად, რომ სითბური გენერატორის კორექტორის შემაერთებელი სხივების აღდგენის საჭიროება გაჩნდა. მინისტრის თქმით, ეს საკმაოდ რთული სამუშაოა და სომხური მხარე იძულებული გახდა მეცამორში რუსეთიდან და ჩეხეთიდან სპეციალისტები ჩამოეყვანა. სადგურის სარემონტო სამუშაოებში, 400 თანამშრომლის გარდა, 300 მოწვეული სპეციალისტი იქნება ჩართული. 

 

წინასწარი მონაცემებით, სომხეთის ატომური სადგურისთვის 3 მილიარდი დრამია საჭირო [5 მილიონ 880 ათასი ევრო]. როგორც მინისტრი აცხადებს, ეს დანახარჯები ელექტროენერგიის ტარიფებშია გათვალისწინებული და კრედიტები გამოყენებული არ იქნება. 

 

საბჭოთა პერიოდში, 1977 წელს აშენებული სომხეთის ატომური სადგურის კონსერვაციას ევროკავშირი მოითხოვს, თუმცა სომხეთის ხელისუფლება ცხადებს, რომ ეს სერიოზულ ზარალს მოუტანს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და სანამ ახალი ატომური სადგური არ აშენდება, იმუშავებს ძველი. ამასთან, სომხეთის ახალი ატომური სადგურის მშენებლობისთვის 5 მილიარდამდე აშშ დოლარია საჭირო. ჯერჯერობით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ძველი სადგურის ექსპლუატაციის ვადა 2022 წლამდე გაზარდოს. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი