პატიმარმა პროტესტის ნიშნად რკინის ნივთები გადაყლაპა – ადვოკატი

ადვოკატის, ლალი ბუნტურის მტკიცებით, დაკავებულმა საპატიმროში პროტესტის ნიშნად რკინის ნივთები გადაყლაპა. მისი თქმითვე, ამის გამო ბექა გელხაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძლიან მძიმეა.

დღეს, 11 აპრილს ოჯახის ახლობელი და ადვოკატი მთავარ პროკურატურაში მივიდნენ. მათი თქმით, დაკავებული შალვა თადუმეძესთან და თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვს. ბექა ბელხაური სამედიცინო დახმარებაზე უარს ამბობს, სანამ მინისტრს ან მთავარ პროკურორს არ შეხვდება.

“ბექა გელხაური უდანაშაულოა. მივმართავ ქალბატონ თეა წულუკიანს და მთავარ პროკურორს, მოინახულონ ის”, – ამბობს პატიმრის ნათესავი ქეთევან ნონიკაშვილი.

ადვოკატის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ პატიმარტმა 51 ე.წ კუსაჩკა და 5 მაგნიტი გადაყლაპა. “მსჯავდებულის თხოვნით, განცხადება შემოვიტანე და მოვითხოვე მთავარ პროკურორთან და თეა წულუკიანთან შეხვედრა. ბექა გელხაურს გადაყლაპული აქვს 51 ცალი ე.წ კუსაჩკა, 5 მაგნიტი და  ის შიმშილობს”.

ნეტგაზეთს მთავარ პროკურატურაში უთხრეს, რომ შეხვედრის თხოვნის განცხადებას განიხილავენ. ნეტგაზეთი პენიტენციურ სამსახურსაც დაუკავშირდა. უწყების პასუხს მიღებისთანავე გავავრცელებთ.


განახლება: ნეტგაზეთს პენიტენციური სამსახურიდან მისწერეს:

მსჯავრდებული ბექა გელხაური (დაბადებული 30.09.1988წ,) პენიტენციურ სისტემაში 2013 წლის 4 ივნისს არის მოთავსებული.

2018 წლის სექტემბრიდან მსჯავრდებული პროტესტის ნიშნად ყლაპავს სხვადასხვა ნივთებს და მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადახედვას ითხოვს, ხოლო 2018 წლის 29 ნოემბერს იგივე მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო, თუმცა გარკვეული პერიოდულობით შერჩევითად იღებს საკვების მცირე ოდენობას და სითხეებს.

ამჟამად მსჯავრდებული იმყოფება N18 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც 17.12.2018 წ. N8 დაწესებულებიდან გადაიყვანეს დიაგნოზით: უცხო სხეულები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

გადაყლაპული უცხო სხეულების გამო 29.07.2018 წ. მსჯავრდებულს ჩატარებული აქვს ლაპარატომია – კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან უცხო სხეულების ევაკუაცია. თუმცა ამის შემდეგ სხვადასხვა დროს რამდენჯერმე კვლავ გადაყლაპა უცხო სხეულები, რომელთა არსებობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დადასტურებულია რენტგენოლოგიური კვლევით. დაწესებულების მედპერსონალმა მსჯავრდებულს მრავალჯერ შესთავაზა უცხო სხეულების ევაკუაცია, როგორც ენდოსკოპიური, ასევე ოპერაციული გზით (როგორც სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე N18 დაწესებულების პირობებში), თუმცა იგი მუდმივად უარს აცხადებს აღნიშნულ სამედიცინო მომსახურებაზე.

ოპერაციული ჩარევის მიზნით 2018 წლის 31 დეკემბრიდან 2019 წლის 2 იანვრამდე პერიოდში, ასევე 2019 წლის 22-23 მარტს მსჯავრდებული მოათავსეს აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც ჩაუტარდა გამოკვლევები და სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაცია გაეწია, მაგრამ ოპერაციულ მკურნალობაზე კვლავ კატეგორიული უარი განაცხადა.

მსჯავრდებული იმყოფება ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის, ასევე სხვა პროფილის სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მიმდინარე წლის 9 იანვრიდან ჩართულია სუიციდის პრევენციის პროგრამაში. საჭიროების მიხედვით უტარდება დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები. 22.03.2019 წ. ჩაუტარდა გულმკერდის და მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია (გულმკერდის ღრუ პათოლოგიის გარეშე), მუცლის ღრუში ფიქსირდება მრავლობითი უცხო სხეულები.

მსჯავრდებული მედპერსონალის მიერ ინფორმირებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოსალოდნელი გართულების საფრთხესთან დაკავშირებით, თუმცა კვლავ უარს აცხადებს ოპერაციულ მკურნალობასა და ინფუზიურ თერაპიაზე, უტარდება მხოლოდ ეპიზოდური სიმპტომური დახმარება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.