ახალი ამბები

ტაივანში ქალის ქუთუთოში 4 ცოცხალი “ოფლის ფუტკარი” იპოვეს – The Guardian

10 აპრილი, 2019 • 1321
ტაივანში ქალის ქუთუთოში 4 ცოცხალი “ოფლის ფუტკარი” იპოვეს – The Guardian

ტაივანში ქალის ქუთუთოში ცოცხალი ე.წ. ოფლის ფუტკრები იპოვეს. ექიმების მტკიცებით, მწერი ცრემლით იკვებებოდა.

The Guardian წერს, როცა ქალი საავადმყოფოში მივიდა, მას თვალი შესიებული  ჰქონდა.

ექიმები თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ შესიების მიზეზი რამე ინფექცია იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ 29 წლის პაციენტს თვალის ქუთუთოს ქვეშ ოთხი ცოცხალი ფუტკარი ჰყავდა. ექიმების მტკიცებით, ფუტკრები მისი ცრემლით იკვებებოდნენ. საბოლოოდ ხსნარის საშუალებით ოთხივე ფუტკრის ცოცხლად ამოყვანა მოხერხდა.

ფოინის უნივერსიტეტის საავადმყოფოში, სადაც პაციენტს უმკურნალეს, ამტკიცებენ, რომ მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა. “რაღაც დავინახე, რომელიც მწერის ფეხს ჰგავდა. მიკროსკოპის ქვეშ ნელა ამოვწიე, რათა მწერების სხეული არ დამეზიანებინა,” – განაცხადა ექიმმა გამართულ პრესკონფერენციაზე.

პაციენტის ვინაობა აქამდე უცნობია, თუმცა, ექიმების თქმით, ის ოჯახის წევრის საფლავზე იმყოფებოდა და ბალახისგან ასუფთავებდა. როგორც პაციენტი ყვება, უცებ იგრძნო, რომ თვალში რაღაც ჩაუვარდა. თავიდან ეგონა, რომ ეს მიწა იყო, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, კბენის მსგავსი ტკივილი იგრძნო.

The Guardian-ის ინფორმაციით, პატარა ოფლის ფუტკრები, იგივე ჰალიკდები, მთელ მსოფლიოში გვხვდებიან და ადამიანის ოფლზე რეაგირებენ. როგორც წესი, ისინი აგრესიით არ გამოირჩევიან და ადამიანებს კბენენ მხოლოდ მაშინ, როცა ეხებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი