როგორ უპასუხა ბახტაძემ სასამართლოზე კითხვას PACE-ში

მივიღეთ მძიმე ანდერძი, დავიწყეთ სასამართლო სისტემის წარმატებული რეფორმები და მომავალშიც ვაგრძელებთ, —  ასეთი შინაარსის პასუხი გასცა საქართველოს პრემიერმა PACE-ში სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის ზეწოლაზე, დასმულ კითხვას.

ბახტაძეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) გამოსვლისას ერთ-ერთმა დეპუტატმა დაუსვა კითხვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშზე დაყრდნობით. მან მოიტანა ციტატა, სადაც ნათქვამია, რომ მოსამართლეები პოლიტიკურ ზეწოლას განიცდიდნენ. ბახტაძეს ჰკითხეს, არის თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლე და რას აპირებს ამასთან დაკავშირებით. ბახტაძემ ასე უპასუხა:

„2012 წელს ჩვენ ანდერძად მივიღეთ ძალიან რთული ვითარება სასამართლო სისტემაში და დავიწყეთ ტრანსფორმაციის პროცესი. დღეს მოგახსენეთ სტატისტიკა და რიცხვები, რაც ძალიან პოზიტიურია. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ პრობლემები არსებობს და ეს უნდა გამოვასწოროთ. მაგრამ, ნება მომეცით, დავუბრუნდე ჩემს ძირითად არგუმენტს: ძალიან დიპლომატიურად რომ ვთქვა, — ჩვენ ანდერძად ძალიან მძიმე ვითარება მივიღეთ. დავიწყეთ სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციის პროცესი, გავატარეთ ძალიან წარმატებული რეფორმების სამი ტალღა. ეს რეფორმები იყო ძალიან წარმატებული. ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის, ეს ასევე ევროპული ინსტიტუტების მოსაზრებაა. ჩვენ ახლა მეოთხე ტალღისთვის ვემზადებით“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com