ნეტგაზეთი | შალვა შავგულიძე ივანიშვილის ბრალდებებს ბინძურ ცილისწამებად აფასებს შალვა შავგულიძე ივანიშვილის ბრალდებებს ბინძურ ცილისწამებად აფასებს – Netgazeti
RU | GE  

შალვა შავგულიძე ივანიშვილის ბრალდებებს ბინძურ ცილისწამებად აფასებს

გირგვლიანების ოჯახის ადვოკატის, შალვა შავგულიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რა არის სიმართლე, მაგრამ მას დღეს ლევან მურუსიძე სჭირდება საკუთარ სამსახურში.

შავგულიძემ უპასუხა “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც შავგულიძე გირგვლიანის საქმეში ენმ-ის სასარგებლო თამაშში მონაწილეობაში დაადანაშაულა.

“ეტყობა, ბატონ ივანიშვილს იმდენად სჭირდება მისგან კონტროლირებად მოსამართლეთა დადებითად წარმოჩენა საზოგადოების თვალში და მათი შენარჩუნება სასამართლო სისტემაში, რომ ამისთვის სიცრუეს და ცილისწამებას არ ერიდება. როგორც ჩანს, ბატონი ივანიშვილი ძალიან შეაშფოთა “თავისუფალი დემოკრატების” და “ევროპული საქართველოს” საარჩევნო ბლოკად გაერთიანებამ და აღარაფერს ერიდება ჩემი დისკრედიტაციისთვის. ვფიქრობ, წარმატებული არ იქნება, ბატონო ბიძინა, თქვენი ეს მცდელობა”, – განაცხადა შავგულიძემ.

მისი თქმით, საჯაროდ არც უპასუხებდა ბიძინა ივანიშვილის ბინძურ ცილისწამებას, რომ არა საზოგადოების მაღალი ინტერესი გირგვლიანის საქმისადმი.

ბიძინა ივანიშვილმა “იმედთან” ინტერვიუში გაიმეორა მოსამართლე ლევან მურუსიძის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს ნაცვლად, გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში და ამით მოსპო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შეცვლის შესაძლებლობა.

შალვა შავგულიძემ კი დღევანდელ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ გაასაჩივრა გიგრვლიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში. აღნიშნა, რომ დაზარალებულს არ შეეძლო არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციისათვის მოეთხოვა მსჯავრდებულთა ქმედებისათვის უფრო მძიმე კვალიფიკაციის მინიჭება, ვიდრე ეს წინასწარი გამოძიების ეტაპზე საბრალდებო დასკვნით მოახდინა პროკურატურამ, ასევე, არ შეეძლო პირველი ან სააპელაციო ინსტანციისათვის მოეთხოვა საქმის დამატებით გამოძიებისთვის დაბრუნება. შავგულიძის თქმით, ასეთ შემთხვევაში მაქსიმუმი რაც იყო, მიეღწიათ იმისთვის, რომ უკვე მსჯავრდებულებისთვის უფრო მაღალი სასჯელი შეეფარდებინათ, მაგრამ საკასაციო და ევროპულ სასამართლოში საქმის გაგრძელების შესაძლებლობას კარგავდნენ.

შალვა შავგულიძის თქმით, გირგვლიანის დაცვის მხარის ტაქტიკის სისწორე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადასტურდა.

“სამწუხაროდ, ბატონ ივანიშვილს ჰგონია, რომ რასაც ის იტყვის, არის უაპელაციო ჭეშმარიტება და ასე მიიღებს საზოგადოება. მაშინ როცა 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებისთვის სჭირდებოდა გირგვლიანის საქმის გამოყენება და მისი ადვოკატის გვერდში დგომა, მისი განცხადებები იყო, რომ მაშინდელი ხელისუფლება და სასამართლო საშინელებებს სჩადიოდა და მე გახლდით მაჟორიტარობის კანდიდატი. მაგრამ დღეს დასჭირდა სწორედ ის მოსამართლეები, რომლებიც ხელისუფლების მსახურებით გამოირჩეოდნენ, მათ შორის მურუსიძე,  შეცვალა პოზიცია და გადაწყვიტა, რომ მოსამართლე მურუსიძე  იყო მართალი და ადვოკატმა შავგულიძემ დააშავა რაღაც”, – განაცხადა შავგულიძემ.


სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 26 იანვარს შსს-ს თანამშრომლებმა ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე, რომელიც მკვლელობის შემდეგ გამუდმებით მოითხოვდა დამნაშავეების დასჯას და აპროტესტებდა ხელისუფლების ქმედებებს მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით, 2007 წლის 24 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გირგვლიანის საქმეზე შსს-ს 4 თანამშრომელი გაასამართლეს. ისინი ჯერ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრა, შემდეგ კი, 2009 წლის სექტემბერში, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2011 წელს გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, სადაც წერია:

“სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო”.  სტრასბურგის გადაწყვეტილებაში გაკრიტიკებული იყო სასამართლოს ქმედებებიც.

ამავე თემაზე:

რატომ არ გავასაჩივრე გირგვლიანის I ინსტანციის განაჩენი სააპელაციოში – შალვა შავგულიძე

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.