ახალი ამბები

“სწორი აქცენტებია” – როგორ აფასებენ ივანიშვილის წერილს ბახტაძე, კალაძე და სხვები

9 აპრილი, 2019 • 1015
“სწორი აქცენტებია” – როგორ აფასებენ ივანიშვილის წერილს ბახტაძე, კალაძე და სხვები

ბიძინა ივანიშვილმა 8 აპრილს წერილი გამოაქვეყნა, სადაც 2012 წლის არჩევნები 9 აპრილს შეადარა და განაცხადა, რომ 2012 წლის პირველ ოქტომბერს 9 აპრილის სულისკვეთება ხელმეორედ დაიბადა.  დღეს, 9 აპრილ,ს ამ წერილს ეხმაურებიან ბახტაძე, კალაძე, იზორია და ზალკალიანი. ოთხივე მათგანი ამბობს, რომ წერილში სწორი აქცენტებია დასმული.

“ბიძინა ივანიშვილის წერილში მთავარი აზრი არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კონსოლიდაცია იმ იდეალების გარშემო, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა და დემოკრატიული განვითარება“, – ამბობს მამუკა ბახტაძე.

პრემიერის თქმით, ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა მიღწევებზე და შეცდომებზე, რომლებიც ქვეყანას ბოლო ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე აქვს.

„ვფიქრობ, აქცენტები არის ძალიან სწორად დასმული და მთავარი აზრი ამ წერილში არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კონსოლიდაცია იმ იდეალების გარშემო, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა და დემოკრატიული განვითარება. ვფიქრობ, ეს მართლაც აერთიანებს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, თითოეულ ადამიანს, რომელსაც სურს, რომ ჩვენ ავაშენოთ ძლიერი და ევროპული სახელმწიფო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

წერილის შინაარსს მიესალმება თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელიც, როგორც ბახტაძე და სხვები, კონსოლიდაციის იდეაზე საუბრობს.

“მივესალმები ამ წერილის პათოსს, რომლის მთავარი პრინციპი, საზრისი არის ის, რომ გარკვეული პრინციპების გარშემო, იდეების გარშემო უნდა შევძლოთ კონსოლიდაცია, გაერთიანება, ეს არის თითოეულის ვალდებულება და ეს პრინციპები არის სწორედ ის მონაპოვარი რაც ცხრა აპრილის ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ,” – განაცხადა ლევან იზორიამ.

საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსაც მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილმა წერილში აქცენტები სწორად დასვა. სხვების მსგავსად, ზალკალიანი თავის განცხადებაში განმარტავს, რომ ივანიშვილის მთავარი გზავნილი კონსოლიდაციისა და ერთიანობის იდეაა.

“წერილი, ვფიქრობ, რომ არის ძალიან კარგი, ზუსტი აქცენტები არის გაკეთებული 9 აპრილზე, 9 აპრილის მნიშვნელობაზე. სწორედ იმაზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ აუცილებელია ერთიანობა, აუცილებელია კონსოლიდაცია. აუცილებელია იმ პოზიტიური, დადებითი მუხტის რაციონალურად მიმართვა,რომელიც იყო 9 აპრილს. სწორედ მაშინ შევძელით ჩვენ ეს, როცა ეს მუხტი მივმართეთ სწორი გზით და რამაც მოგვიტანა დამოუკიდებლობა“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რაც შეეხება თბილისის მერს, კახა კალაძეს, მისი თქმით, ოპონენტებს ბიძინა ივანიშვილის წერილი არ მოეწონებოდათ, ვინაიდან დემოკრატია და თავისუფლება სხვაგვარად წამოუდგენიათ.

“ცხადია, ოპონენტებს წერილის შინაარსი არ მოეწონებოდათ. მათ სხვანაირად წარმოუდგენიათ თავისუფლება და დემოკრატია და, როგორ წარმოუდგენიათ, ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს და არ მინდა გავიხსენო, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში.

თვითონ წერილის შინაარსს რაც შეეხება, ძალიან სწორი ანალიზია გაკეთებული და ყველაფერს თავისი სახელი აქვს დარქმეული. ყველაზე მთავარი არის ის, რაც მე ძალიან მომეწონა, ეს არის კონსოლიდაცია, გაერთიანება და ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა იმ გამოწვევების წინააღმდეგ, რომელიც დღეს გვაქვს. ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და  ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, საზოგადოების ჩართულობით, ერთიანი ძალისხმევით რომ ქვეყანა კიდევ უფრო წინ წავიდეს,” – განმარტა კახა კალაძემ.

“2012 წლის 1 ოქტომბერს 9 აპრილის სულისკვეთება ხელმეორედ დაიბადა” – ივანიშვილის ღია წერილი

მასალების გადაბეჭდვის წესი