საქართველოს პარლამენტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა ტელე და აუდიოვიზუალური აპარატურის, ხმისა და ვიდეოს ჩაწერის და აღწარმოებისთვის საჭირო აპარატურისა და აუდიო და ვიდეოაპარატურის ნაწილების შესაძენად.
შესყიდვა აუქციონის გარეშე 5 აპრილს არის გამოცხადებული, წინადადებების მიღება კი 14 აპრილიდან დაიწყება. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, შოთა გოშაძემ განუცხადა, აპარატურის შესყიდვა პარლამენტის შენობის მესამე სართულზე, ე.წ. პრეზიდენტის ფლიგელში საკონფერენციო დარბაზების აღჭურვისთვის იგეგმება.
“მესამე სართულზე საპრეზიდენტო ფლიგელი ამ ზაფხულს უნდა გადავაკეთოთ საკონფერენციო დარბაზებად. სატელევიზიო აპარატურის შესყიდვა სწორედ ამისთვის ხდება და პლენარულ სხდომათა დარბაზში აკუსტიკის პრობლემებთან კავშირი არა აქვს”, – აცხადებს შოთა გოშაძე.
საკანონმდებლო ორგანოში ე.წ. პრეზიდენტის ფლიგელის გაუქმების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მე-8 მოწვევის პარლამენტმა მიიღო.
“მოხდება ამ სართულის რეკონსტრუქცია. როცა პრეზიდენტი მობრძანდება, უზრუნველყოფილი იქნება მისი მუშაობა, როცა პრემიერი მობრძანდება, უზრუნველყოფილი იქნება მისი მუშაობა. ეს არის პრეზიდენტის [მარგველაშვილის] ინიციატივა, რომელმაც ბრძანა, რომ ამხელა სართული და ამხელა ოთახი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მოსვლისთვის არ სჭირდება”, – განუცხადა მაშინ ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.