ახალი ამბები

მარგველაშვილი: ფარული მოსმენების საკითხზე შსს-ს მოვიწვევთ და მათ პოზიციასაც მოვისმენ

3 ოქტომბერი, 2014 • • 1068
მარგველაშვილი: ფარული მოსმენების საკითხზე შსს-ს მოვიწვევთ და მათ პოზიციასაც მოვისმენ

“მე ვესაუბრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ფაქტიურად უკვე ექსპერტებს ამ სფეროში. მე მოვისმინე მათი არგუმენტები, რომელშიც არის ძალიან ბევრი სიმართლე ტექნიკური თვალსაზრისითაც, ადამიანის უფლებების თვალსაზრისითაც, სახელმწიფოებრივი პოზიციიდანაც.  იქითა კვირის დასაწყისში, სავარაუდოდ, შევხვდები შსს-ს წარმომადგენლებს, ჩვენ მათ მოვიწვევთ შეხვედრაზე და მათ პოზიციასაც მოვისმენ ამ საკითხთან დაკავშირებით, რის შედეგადაც, ბუნებრივია, უფრო კომპეტენტური აზრი ჩამომიყალიბდება,”- განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტმა. 

 

მისივე თქმით, შესაბამისად, ამჟამად საუბარი იმაზე, მოაწერს თუ არა ხელს კანონს, თუ ვეტოს დაადებს, ჯერ ნაადრევია. 

 

ავლაბრის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილი ფარული მოსმენების საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დღეს, 3 ოქტომბერს შეხვდა. 

 

შეხვედრა დახურული იყო, თუმცა შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა.

 

ეკა გიგაურის განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია არის უცვლელი, ისინი ფიქრობენ, რომ ე.წ  გასაღები მობილური ოპერატორების ხელში უნდა აღმოჩნდეს.

 

“ეს არის პრაქტიკა, რომელიც გამოყენებულია დემოკრატიული ქვეყნების მიერ. დღეს მთავრობამ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს: გამოიყენებენ საბჭოურ მეთოდებს, თუ გამოიყენებენ მეთოდებს, რომელიც არსებობს დემოკრატიულ ქვეყნებში”, – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს’ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.

 

მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილმა შეიძლება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გავლენა მოახდინოს, რასაც სწორედ ეს შეხვედრა მოწმობს:

 

“საბოლოოდ მასთან მივა კანონპროექტი და თუ მისთვის მიუღებელი იქნება რამე, შეიძლება ვეტო გამოიყენოს. მისი როლი არის ძალიან დიდი და გვიხარია, რომ ის დაინტერესდა ამ საკითხით.”

 

კახა კოჟორიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ასევე მიიჩნევს, რომ ე.წ. გასაღები მობილურ ოპერატორებს უნდა ქონდეთ.

 

“ამ საკითხის გააქტუალურებიდან დღემდე ჩვენ გვქონდა და გვაქვს პოზიცია, რომ ე.წ. გასაღები მობილურ ოპერატორებს უნდა ქონდეთ. ევროსაბჭოს ექსპერტებთან ბოლო შეხვედრამ კიდევ უფრო გააღრმავა ეს პოზიცია. გამომდინარე შსს–ს ხისტი პოზიციიდან, მათ ალტერნატიულ ვარიანტად ე.წ გასაღების თემაზე გააკეთეს აქცენტი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი