დიღმის მასივში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 21 წლის ახალგაზრდა ამ დრომდე ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დღეს გაირკვევა, დასჭირდება თუ არა მას ოპერაცია.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მას სხეულის 35-პროცენტიანი დამწვრობა აქვს მიღებული, თუმცა ექიმები მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ.
“საავადმყოფოში შემოსვლისას იმყოფებოდა შოკურ მდგომარეობაში. ამ ეტაპზე შოკიდან პრაქტიკულად გამოსულია და გადადის გეგმურ მკურნალობაზე. რაც შეეხება მოსალოდნელ ქირურგიულ ჩარევას, ეს გადაწყდება შემდგომ შეფასებაში ქირურგების მიერ. ამ ეტაპზე პაციენტი გონზეა, კონტაქტურია, ადეკვატურია და ჩივილები დაზიანებების შესაბამისი აქვს. რაიმე განაკუთრებულ ჩარევას არ საჭიროებს” – განუცხადა რუსთავი 2-ს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის მორიგე ექიმმა, იაგო მათიკაშვილმა.
როგორც ტელეკომპანიას ამავე საავადმყოფოს კიდევ ერთმა ექიმმა, სოფიო კუსიანმა განუცხადა, ახალგაზრდას ზედაპირული დაზიანებები და მცირე ზომის ექსკორიაციები (კანის შრის დაშლა) აღენიშნებოდა შუბლის, ასევე, მარჯვენა ლოყის არეში. მისი თქმით, პაციენტს ჩაუტარდა კვლევები და კონსულტაციები, ხოლო ამ ეტაპზე რჩება კლინიკაში მეთვალყურეობის მიზნით.
7 აპრილს დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელ კორპუსის მესამე სართულზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას აფეთქება და ნგრევა მოჰყვა.
აფეთქების შედეგად სამი ბინის შიდა და გამყოფი კედლები ჩამოინგრა, ხოლო დაშავდა რვა ადამიანი, მათ შორის, შვიდი თვის ბავშვი. ექიმების თქმით, დაშავებულების ნაწილს ტვინის შერყევა ჰქონდა, ნაწილს კი სხეულის სხვადასხვა დაჟეჟილობები და ტრავმები აღენიშნებოდა.