“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეგლიარიდან საარჩევნო უბნის გადატანას აპროტესტებს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უბანი სოფლიდან განგებ გადაიტანეს, რადგან აქ ყოველთვის ენმ იმარჯვებდა. 6 აპრილს მათ ადგილობრივ საარჩევნო კომისიასთან აქციას გამართეს.
საარჩევნო უბანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით სოფელ ნორგიულში განთავსდა. “ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და მერობის კანდიდატი, აგილ მუსტაფაევი, “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ აღნიშნული სოფელი ბეგლიარიდან 2 კილომეტრითაა დაშორებული და სოფლებს შორის არც პირდაპირი სატრანსპორტო კავშირი არსებობს, რაც ამომრჩევლებს ნორგიულში გადასვლას ურთულებს.
მუსტაფაევის თქმით, თუ რამდენიმე დღეში “ცესკო” გადაწყვეტილებას არ შეცვლის, ოპოზიცია პროტესტს ისევ აქციით დააფიქსირებს.
“საარჩევნო უბანი დღემდე იყო სოფელ ბეგლიარში, სადაც 500–მდე ამომრჩეველია. შარშანაც, შარშანწინაც, ბოლო წლებშიც, ოპოზიცია აქ ყოველთვის იგებდა და კარგ შედეგს დებდა. ახლა “ქართულ ოცნებას” აქვს შიშის სინდრომი და გადაიტანეს უბანი სხვა სოფელში, რომელიც ბეგლიარიდან 2 კილომეტრში მდებარეობს. ეს ხდება იმიტომ, რომ ამომრჩეველი არ მივიდეს არჩევნებზე და მათ ხარჯზე გააყალბონ ის. რამდენიმე დღე დავიცდით. თუ გადაწყვეტილება იგივე დარჩება, იმ სოფელში, შეიძლება, საოლქოსთან, დიდ აქციას ჩავატარებთ”, – აღნიშნა მან.
“ცესკო” უბნის ადგილმდებარეობის პოლიტიკური ნიშნით შეცვლას გამორიცხავს და აცხადებს, რომ სოფელ ნორგიულის საჯარო სკოლა, სადაც უბანი გადაიტანეს, მეტად კეთილმოწყობილია და თანაც, იქ მეტი ამომრჩეველია.
“ამომრჩეველი უფრო მეტია სოფელ ნორგიულის მხარეს და კენჭისყრის შენობაც უფრო კეთილმოწყობილია. უბანი უკვე გადმოტანილია. ამომრჩეველს უფლება არ ეზღუდება, ხელი არ ეშლება. შეუძლიათ, მიბრძანდნენ და ხმა მისცენ იქ, სადაც იქნება განთავსებული საარჩევნო უბანი”, – განუცხადა “რუსთავი2″–ს იაკობ ასანიძემ, #22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.
19 მაისს, სხვა ქალაქებთან ერთად, მერის შუალედური არჩევნები მარნეულშიც ტარდება.