ქსნის დაწესებულების თანამშრომელი პატიმრისთვის ნარკოტიკის შეტანის მცდელობისთვის დააკავეს – პენიტენციური

იუსტიციის სამინისტროს გამომძიებლებმა ქსნის #15 დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორი მსჯავრდებულისათვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, დაწესებულების ათობით თანამშრომლის მიმართ კი გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ პენიტენციური სამსახური “რუსთავი2”-ის სიუჟეტის საპასუხოდ იტყობინება, რომელიც ციხეებში არსებულ ვითარებას შეეხებოდა.

სამინისტროს ცნობით, გამოძიება პირველ შემთხვევაში მიმდინარე წლის 5 თებერვალს დაიწყო სსკ-ის 378-ე მუხლით, რაც გულისხმობს პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულისთვის აკრძალული საგნის – ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობას, ჩადენილს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ამავე დღეს დააკავეს ინსპექტორ კონტროლიორიც, რომელსაც, მომდევნო დღეს, ზემოაღნიშნული მუხლის გარდა, ბრალი 260-ე მუხლის I ნაწილითაც წარუდგინეს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

“2019 წლის 07 თებერვალს, [მას] აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა წინასწარი პატიმრობა”, – აცხადებს უწყება.

იმასთან დაკავშირებით, რომ ქსნის პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი პატიმრისათვის ნარკოტიკული საშუალების შეტანას ცდილობდა, თავდაპირველად, ტელეკომპანია “რუსთავი2”-მა გაავრცელა. ადამიანი, რომლის სახეც დაფარულია და რომელსაც “შაბათის კურიერი” რეჟიმის ინსპექტორად წარადგენს, ყვება, რომ ადმინისტრაციასთან დაახლოვებული თანამშრომლები საპყრობილეში შემოწმების გარეშე შედიან.

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ტელეარხის რესპონდენტი ქსნის დაწესებულებაში აღარ მუშაობს და ის სამსახურიდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდა. უწყების თანახმად, მისდამი სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიებაცაა დაწყებული. საქმე ეხება ე.წ. კბილების ცნობით, რომლის ფარგლებშიც, უწყების თანახმად, ქსნის დაწესებულების 70-ზე მეტმა თანამშრომელმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სადაზღვევო კომპანიისაგან უკანონო სარგებელი მიიღო.

“მოცემულმა თანამშრომლებმა, რომელთაგან არაერთი მრავალი წელია სისტემაში მუშაობს, თავიანთი და თავიანთი ოჯახის წევრების სახელზე გააფორმეს ყალბი დოკუმენტები და იმ სტომატოლოგიურ ფირმასთან გარიგებით, რომელიც დაწესებულების თანამშრომლებს ემსახურებოდა, იცრუეს, რომ თითქოს დაუფინანსდათ კბილების მკურნალობა, რისი ხარჯებიც სადაზღვევო კომპანიამ მათ აუნაზღაურა.

2018 წელს არაერთი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედება ჩატარდა. 2019 წელს, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების გამო, თანამშრომლები განაწყენდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის სამინისტრო მათ “თანადგომას” და მათ დაცვას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ აპირებდა”, – აცხადებს პენიტენციური სამსახური.

უწყების თანახმად, 15 თანამშრომლის მიმართ საქმის წარმოება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მუხლით უკვე დაწყებულია, 30-ზე მეტ მათგანზე სისხლის სამართლის საქმე მზადდება, დანარჩენების შემთხვევაში კი, რომელთაც 2016 წლიდან დღემდე დატოვეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი მაინც დგას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან