ახალი ამბები

ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება – ბახტაძე

6 აპრილი, 2019 • 2059
ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება – ბახტაძე

საქართველოში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, “ეკო მიმართულებით მომუშავე ინდუსტრიული ჯგუფის” პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქარხანა ქუთაისში აშენდება და ის, წელიწადში, 40 000 ავტომობილს აწარმოებს.

“მინდა, დიდი სიხარულით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ პირველად ჩვენს რეგიონში, საქართველოში იწყება ელექტრომობილების წარმოება.  კომპანია “ჩანგანმა”, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ელექტრომობილების მწარმოებელი, რომლის პარტნიორებიც არიან ისეთი მსხვილი გიგანტები, როგორიცაა “ვოლვო”, “ფოლკსვაგენი”, “ფორდი”, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ საქართველოში აშენდება ელექტრომობილების ქარხანა და უკვე 2020 წლიდან, შევძლებთ, ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები.

ჩვენ შევარჩიეთ ქალაქიც – ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ინდუსტრიული გამოცდილება, რომელიც მთელ საქართველოს უყვარს. ეს ელექტრომობილების ქარხანა აშენდება ქუთაისში”, – აღნიშნა მან.

ბახტაძის თქმით, პროდუქციის 50% შიდა ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, დანარჩენი ევროკავშირში საექსპორტოდ.

პრემიერ-მინისტრის თანახმად, ქარხანაში დამზადდება ოთხი მოდელის ავტომობილი და საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები წარწერით – Made in Georgia – “იქნება მთავარი საექსპორტო პროდუქტი ევროპულ ბაზარზე საქართველოდან”.

პრეზენტაციაზე წარდგენილი მანქანის მოდელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი