ახალი ამბები

სტრასბურგი: ბულგარეთმა არ უნდა გადასცეს ირანს საქართველოს მოქალაქე

5 აპრილი, 2019 • 1946
სტრასბურგი: ბულგარეთმა არ უნდა გადასცეს ირანს საქართველოს მოქალაქე

სტრასბურგის სასამართლო ბულგარეთს ავალდებულებს, არ დააკმაყოფილოს ირანის მოთხოვნა ექსტრადაციაზე და არ გადასცეს მათ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ირანში წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრება.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 4 აპრილს ერთხმად დაადგინა, რომ მისი ექსტრადაციით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა) დაირღვევა.

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გ.ს. 2016 წლის დეკემბერში, საქართველოდან ბულგარეთში ჩაფრენის შემდეგ დააკავეს. ინტერპოლისთვის გადაცემული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს მან ირანის დედაქალაქ თეირანში არსებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან 50 000 ევრო მოიპარა.

ბულგარეთის სასამართლომ 2017 წელს თანხმობა განაცხადა ექსტრადაციაზე, რადგან მიიჩნია, რომ ბრალდებულს მხოლოდ პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, დანაშაული, რასაც ბრალდებულს ედავებიან, გაროზგვასაც, ანუ არაადამიანურ მოპყრობასაც ითვალისწინებს — მას 74 როზგი ემუქრება.

ექსტრადაციის პროცესი შეჩერებული იყო. საქართველოს მოქალაქე, 68 წლის გ.ს. ბულგარეთის დედაქალაქის, სოფიის ციხეში იმყოფება და ბულგარეთის სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი