ახალი ამბები

დებატებამდე პოროშენკომ და ზელენსკიმ სისხლის ანალიზი ჩააბარეს

5 აპრილი, 2019 • 798
დებატებამდე პოროშენკომ და ზელენსკიმ სისხლის ანალიზი ჩააბარეს

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს უნდა ჩატარდეს, თუმცა მანამდ, კანდიდატებმა – პეტრო პოროშენკომ და ვლადიმერ ზელენსკიმ ოლიმპიურ მოედანზე დებატები უნდა გამართონ. დებატებამდე მათ სისხლის ანალიზები ჩაიტარეს. პოროშენკოს სისხლის ანალიზის აღების პროცესს პირდაპირ ეთერში ტრანსლირებდნენ.

სისხლის ანალიზის შესახებ შეთავაზება ვლადიმერ ზელენსკისგან მოდის, “რათა დაუმტკიცოს ხალხს, რომ მათ შორის ალკოჰოლიკები და ნარკოდამოკიდებულები არ არიან”.

პოროშენკომ ანალიზი უკრაინის ოლიმპიური მოედნის სამედიცინო პუნქტში ჩააბარა, ზელენსკიმ კი, კერძო ლაბორატორია – “ევროლაბში”. ანალიზის პირველადი შედეგის მიხედვით, პოროშენკოს სისხლში ფსიქოაქტიური ნივთიერება ექიმებს არ აღმოუჩენიათ, ზელენსკის შედეგები კი საზოგადოებისთვის რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ანალიზების ჩატარებას ინტერნეტში მალევე მოჰყვა მომხმარებელთა მხრიდან რეაქცია, ნაწილი წერს, რომ ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და სასაცილოა, სხვები კი მომხდართან დაკავშირებით ე.წ. მიმებს [გასაშარჟებელ ფოტომონტაჟებს] აქვეყნებს.

გარდა ამისა, ანალიზების ჩატარების პროცესს ჟურნალისტების მხრიდანაც მოჰყვა კრიტიკა. პოროშენკოსთან რამდენიმე გამოცემის ჟურნალისტი არ დაუშვიათ, მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ მათ შესაფერისი აკრედიტაციები არ ჰქონდათ: “ეს არ არის დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება” – წერდნენ ისინი.

გარდა დებატების ადგილისა, ზელენსკიმ ასევე შესთავაზა პოროშენკოს, რომ დებატების “არბიტრი” მესამე ადგილზე გასული კანდიდატი  – იულია ტიმოშენკო ყოფილიყო. თუმცა ამ უკანასკნელ შეთავაზებასთან დაკავშირებით პოროშენკომ განაცხადა, რომ ის შეურაცხმყოფელი და უპატივცემულოა.

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს, 4 აპრილს განაცხადა, რომ ბიულეტენების 100% დათვლილია. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვლადიმერ ზელენსკიმ ხმათა 30.24% მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი – 15.95%.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი