ახალი ამბები

დევნილებმა “დირსის” კორპუსი დატოვეს

5 აპრილი, 2019 • 1196
დევნილებმა “დირსის” კორპუსი დატოვეს

დევნილებმა, რომლებიც “დირსის” კომპლექსში იყვნენ გამაგრებულნი, კორპუსი დატოვეს. ამის შესახებ ნეტგაზეთს ერთ-ერთმა დევნილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის დევნილებსა და სამინისტროს შორის შეხვედრები მიმდინარეობს, ხოლო კორპუსის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი მშენებარე კორპუსში მყოფთათვის გაუსაძლისი პირობები იყო. შენობას არ მიეწოდებოდა არც ელექტოშიშენერგია და არც წყალი.

კორპუსის დატოვების კიდევ ერთი მიზეზი ისიც გახდა, რომ გუშინ დევნილების ნაწილსა და სამინისტროს შორის შეხვედრა შედგა, სადაც მათ სამინისტროს წარმომადგენლები შეჰპირდნენ, რომ ინდივიდუალურად ყველა დევნილს მოუსმენდნენ.

შეხვედრების შესახებ ჯანდაცვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშიც საუბრობენ. მათი თქმით, შეხვედრები გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა დევნილი ინდივიდუალურ პასუხს არ მიიღებს.

დევნილებმა მშენებარე კორპუსში, ჯამში, 5 დღე დაჰვყეს. “დირსის” კომპლექსის მე-15 კორპუსში სულ 120 ოჯახი იყო გამაგრებული, მათ შორის რამდენიმე შიმშილობდა. დევნილების თქმით, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სწორედ ეს კორპუსი სამინისტრომ მათთვის გამოისყიდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სხვის საკუთრებაში არ შევიდოდნენ.

პროტესტის მეოთხე დღეს “დირსმა” კორპუსი ღობით შემოსაზღვრა. თუმცა, დევნილების მოთხოვნები უცვლელი იყო: ისინი ამბობდნენ, რომ ათობით წელი ბინების ლოდინში გაატარეს, თუმცა, სახელმწიფომ მათ ვერაფერი შესთავაზა. დევნილები ხელისუფლებისგან საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილებას ითხოვდნენ.

ვრცლად:

მშენებარე კორპუსი, სადაც დევნილები შიმშილობენ, ლითონის ღობით შემოსაზღვრეს [ფოტო]

მასალების გადაბეჭდვის წესი