ახალი ამბები

მდინარე ნატანებზე ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

5 აპრილი, 2019 • 956
მდინარე ნატანებზე ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და წიაღით უკანონოდ სარგებლობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, კიდევ ორი კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიების თანახმად, სსიპ “გარემოს ეროვნული სააგენტოს” 2016 წლის 22 დეკემბერს გაცემული ლიცენზიით, ერთ-ერთ ბრალდებულს უფლება მიეცა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნატანებზე, კონკრეტულ კონტურში მოეპოვებინა 20 000 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში.

მიუხედავად ხსენებული ნებართვის არსებობისა, ბრალდებულმა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით განიზრახა, სალიცენზიო პირობების დარღვევით, კონტურს გარეთ მოეპოვებინა ინერტული მასალა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ის თანამზრახველთან ერთად დაუკავშირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელ პირებს: გიორგი გ-ს და გეგა ძ-ს და შეუთანხმდა, მათ სარგებლობაში არსებული ტექნიკით მოეპოვებინათ ინერტული მასალა, შემდეგ კი სარეალიზაციოდ გაეტანათ.

2017 წლის პირველი ნოემბრიდან 2018 წლის 8 თებერვლის ჩათვლით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ნატანებზე, სალიცენზიო პირობების დარღვევით და სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მონაკვეთის ფარგლებს გარეთ, ზემოაღნიშნულმა პირებმა მოიპოვეს 255 134 კუბური მეტრი ინერტული მასალა, რის შედეგადაც გარემოს მიაყენეს 342 964,41 ლარის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზიანი.

სააგენტოს თქმით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ინტერტული მასალის რეალიზებით მიღებულმა შემოსავალმა 2 263 005 ლარი შეადგინა.

გამოძიება ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და წიაღით უკანონოდ სარგებლობის ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 299-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

ამავე საქმეზე 2018 წელს დააკავეს და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილების 8 თანამშრომელი, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას უპირატესობას ანიჭებდნენ ბრალდებულებს და სათანადოდ არ რეაგირებდნენ მათ მიერ ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვებაზე, რითიც დამალეს ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული და გარემოს მიადგა რამდენიმე ასეულობით ათასი ლარის ზიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი