68.8%-ის აზრით, თანამდებობის პირები ძალაუფლებას პირადი სარგებლის მისაღებად იყენებენ – CRRC

საქართველოს მოსახლეობის 68.8% მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები ძალაუფლებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით იყენებენ.

საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის მონაცემები დღეს, 3 აპრილს გამოქვეყნდა. კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) საქართველოში ჩაატარა ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA-ს ერთობლივი პროექტი ფარგლებში

მოსახლეობის 58.6%-ს სჯერა, რომ თანამდებობის პირები თანხის სანაცვლოდ მფარველობენ ბიზნესს. კითხვაზე – შეუშლის თუ არა ხელს დიდი ბიზნესის წარმატებას მისი მფლობელის მიერ ოპოზიციური პარტიის დაფინანსება – მოსახლეობას ასე პასუხობს:

  • ძალიან შეუშლის – 26.4%;
  • მეტ-ნაკლებად შეუშლის – 36%;
  • არცთუ ისე შეუშლის – 10.2%;
  • საერთოდ არ შეუშლის – 5.6%;
  • არ ვიცი/უარი პასუხზე – 21.8%.

ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 77.2% მიიჩნევს, რომ მთავრობის წევრებს საკუთარი ბიზნესი აქვთ. ამასთან, მთავრობის წევრის მიერ თანამდებობის პარალელურად ბიზნესის ფლობას მოსახლეობის 68.5% დიდ ან არცთუ ისე დიდ პრობლემად მიიჩნევს.

კითხვაზე – დასაქმების ვის უფრო მაღალი შანსი აქვს: კანდიდატს შესაბამისი უნარებით თუ მინისტრის ნათესავს ნაკლები უნარებით – მოსახლოების 68.8 პროცენტი პასუხობს, რომ მაღალჩინოსნის ნათესავს.

კვლევის ფარგლებში 1 786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1 187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.