ახალი ამბები

ხელისუფლება მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული და ელექტრომობილების განბაჟების გაძვირებას გეგმავს

3 აპრილი, 2019 • 2311
ხელისუფლება მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული და ელექტრომობილების განბაჟების გაძვირებას გეგმავს

საქართველოს ხელისუფლება გეგმავს, იმპორტირებული მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილების და ელექტრომობილების აქციზის განაკვეთი გაზარდოს, რასაც საგზაო უსაფრთხოების მოტივით ხსნის. კანონპროექტი უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა წარადგინა, რომელსაც პარლამენტი პირველი მოსმენით უყრის კენჭს.

წარმოდგენილი პროექტით, ცვლილება შედის საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლში, რომელიც აწესებს დიფერენცირებულ საგადასახადო შეღავათს მარჯვენა და მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისთვის. ცვლილების მიღების შემთხვევაში, მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი შემცირდება 20%-ით, ნაცვლად არსებული 60%-ისა.

იმპორტიორებს გაეზრდებათ მარჯვენასაჭიანი ელექტრომანქანის შემოყვანისას აქციზის გადასახადიც. როგორც ნინო წილოსანი ამბობს, დამატებით განისაზღვრა მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილების აქციზის განაკვეთი და იქნება წლოვანების მიხედვით – მსუბუქი ავტომობილების აქციზის განაკვეთის 100-ზე ნამრავლი.

“ჩვენი პრიმიტიული კვლევის შესაბამისად, მაგალითად, თუ 2012 წლის მარცხენასაჭიანი ელექტრომობილი ღირს 14 000 ლარი, ჩვენი ახალი რეგულაციებით, ის დაახლოებით 17 000 ლარამდე გაიზრდება, რაც გარკვეულ შემთხვევაში იქნება წამახალისებელი პირობა, რომ იმპორტიორებმა და მომხმარებლებმა შემოიყვანონ მარცხენასაჭიანი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილები.

პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილია კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი, სადაც ასევე ჩაემატება ჩვენს მიერ აღმოჩენილი და დარგობრივი კომიტეტის მიერ გამოთქმული შენიშვნაც, კერძოდ: 194-ე მუხლის მეხუთე ნაწილის “ლ” ქვეპუნქტის რედაქცია, რომელიც ჩამოყალიბდება იმგვარად, რომ ასახული იქნება საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომერკლატურის 87-11 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებები – მოპედები. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული არის მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილება”, – ამბობს უმრავლესობის დეპუტატი, ნინო წილოსანი.

რადგან კანონპროექტი პირველი მოსმენით და პრინციპების დონეზე გადის პარლამენტში, ნინო წილოსანი მოუწოდებს დეპუტატებს მხარდაჭერისკენ. მისი თქმით, ეს კანონპროექტი მოწოდებულია საგზაო უსაფრთხოებისკენ. უმრავლესობის რამდენიმე წევრი, მათ შორის ლევან კობერიძე, მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, კანონპროექტი დეტალურად განიხილონ კომიტეტზე და პარლამენტში მეორე მოსმენით დაუჭირონ მხარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი