ახალი ამბები

რამდენიმე ისეთი სახე დავინახე, ცხადი გახდა ყველაფერი – კალაძე გუშინდელ აქციაზე

2 აპრილი, 2019 • 1538
რამდენიმე ისეთი სახე დავინახე, ცხადი გახდა ყველაფერი – კალაძე გუშინდელ აქციაზე

“იქ ისეთი რამოდენიმე სახე დავინახე, რომ ჩემთვისაც ცხადი გახდა ყველაფერი… ყველაფერი გასაგები იყო”, – თბილისის მერმა კახა კალაძემ ეს განცხადება გუშინ თბილისში გამართული აქციის კომენტირებისას გააკეთა.

აქცია შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერების მოთხოვნით ჩატარდა და მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე 2 მუშა დაიღუპა.

კალაძის თქმით, გუშინ თბილისში არ იმყოფებოდა, თუმცა, როდესაც გზაში მიიღო ინფორმაცია, რომ ახალგაზრდებს მასთან შეხვედრის სურვილი ჰქონდათ შრომის უსაფრთხოების საკითხზე, მზადყოფნა გამოთქვა.

“ჩვენი მხრიდან განცხადება იქნა გავრცელებული შეხვედრის მზაობასთან დაკავშირებით. მე თბილისში არ ვიმყოფებოდი, გზაში ვიყავი და როცა მომაწოდეს ინფორმაცია, იყო მზაობა ჩემი მხრიდან, შევხვედროდი, მომესმინა მათი პრობლემები, მიმეწოდებინა ჩვენი მხრიდან, თუ რა გავაკეთეთ, რა ცვლილებები განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში, მათგან მიმეღო ინფორმაცია, სად არის ხარვეზები და სად იქნებოდა შესაძლებელი…

თუმცა, შემდეგ როგორც განვითარდა მოვლენები, ყველამ კარგად დაინახა. იქ ისეთი რამოდენიმე სახე დავინახე, რომ ჩემთვისაც ცხადი გახდა ყველაფერი… ყველაფერი გასაგები იყო”, – განაცხადა კალაძემ.

“ამ აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც ძალიან სამწუხაროა, თუ ვინ დგას ამის უკან და ვინ მართავს ამ ყველაფერს”.

მისივე თქმით, ხელისუფლება მუშების უფლებებსაც დაუთმობს განსაკუთრებულ ყურადღებას და შრომის უსაფრთხოებასაც. კალაძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობისთვის მზაობას ახლაც ადასტურებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი