ახალი ამბები

დეპუტატი დამოუკიდებლობის დღის 9 აპრილს აღნიშვნის ინიციატივით გამოდის 26 მაისის ნაცვლად

2 აპრილი, 2019 • 2021
დეპუტატი დამოუკიდებლობის დღის 9 აპრილს აღნიშვნის ინიციატივით გამოდის 26 მაისის ნაცვლად

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე ინიციატივით გამოდის, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე 26 მაისის ნაცვლად 9 აპრილს აღინიშნოს.

დეპუტატი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ბოლოდროინდელ განცხადებებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით და თქვა, რომ რადგან “ოცნების” მთავრობამ საზეიმოდ აღიარა ზვიად გამსახურდიას განსაკუთრებული დამსახურება, დროა, შემდგომი ნაბიჯებიც გადადგას.

ნატო ჩხეიძემ ხაზი გაუსვა, რომ კონსტიტუციაში დამოუკიდებლობის გამოცხადების თარიღად სწორედ 1991 წლის 9 აპრილი არის ჩაწერილი,

“ალბათ, მოვიდა ის დრო, როცა უნდა შეიცვალოს კიდეც დამოუკიდებლობის აღნიშვნის თარიღი და ქვეყანამ თავისი დამოუკიდებლობა უნდა იზეიმოს სწორედ 9 აპრილს და არა 26 მაისს, როცა 1918 წელს, ჟორდანიას მიერ მაშინდელი ქვეყნის დამოუკიდებლობა იქნა გამოცხადებული, რაც 3 წელიწადში დავკარგეთ რუსული ჯარის შემოჭრისა და მაშინდელი მთავრობის უთავობით. 70 საბჭოეთის კოლონია ვიყავით და მხოლოდ 1991 წელს ხელახლა მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივი ღვაწლით”, – განაცხადა ჩხეიძემ.

მისი თქმით, 1995 წელს, ედუარდ შევარდნაძის ზეპირი გადაწყვეტილების საფუძველზე, “ჟორდანიას თარიღი იქნა საზეიმოდ დადგენილი და არა გამსახურდიას თარიღი”.

“მამა არ ახსოვდათ და მამინაცვალს ფიცულობდნენო, – ამაზე არის ნათქვამი. ვერ დაასახელებთ მსოფლიოში ვერც ერთ ქვეყანას, რომელიც დამოუკიდებლობას აღნიშნავდეს არა კონსტიტუციაში ჩანაწერის, არამედ სხვა ისტორიული თარიღით… დიახ, კოლეგებო,  გამსახურდიას 9 აპრილი და არა ჟორდანია-შევარდნაძის 26 მაისი უნდა იყოს საქართველოში დამოუკიდებლობის საზეიმო დღე”, – დასძინა დეპუტატმა.


საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, როგორც ეროვნული დღესასწაული, 26 მაისს აღინიშნება – 1918 წლის 26 მაისის მიხედვით, როცა ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, “საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით” და საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით.

ამავდროულად, კონსტიტუციის პრეამბულაში აღნიშნულია საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივი მემკვიდრეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი