ახალი ამბები

ჩვენი რეკომენდაციები ხორავას საქმეზე პროკურატურამ არ გაითვალისწინა – ომბუდსმენი

1 აპრილი, 2019 • 922
ჩვენი რეკომენდაციები ხორავას საქმეზე პროკურატურამ არ გაითვალისწინა – ომბუდსმენი

“შესწავლის შედეგად ცხადი გახდა, რომ გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით არაეფექტიანი იყო, ასევე გამოვლინდა მრავალი ხარვეზი”, – ამის შესახებ ნათქვამია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების გამოძიების შესახებ ომბუდსმენის 2018 წლის ანგარშში, რომელიც პარლამენტშია შესული.

2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილმა განაჩენმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვანთა მკვლელობის ფაქტზე დაადასტურა, რომ გამოძიებამ ვერ გამოავლინა ყველა დამნაშავე.

ანგარიშის თანახმად, საქმის მასალების სრულად შესწავლასთან ერთად, სახალხო დამცველმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ პროკურორთა და გამომძიებელთა დაკითხვებიც მოისმინა.

“ჩაუტარებელი ან დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და კომისიის სხდომაზე დაკითხვისას გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ საგამოძიებო ტაქტიკაზე გაცემული პასუხების ერთობლივი ანალიზით სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ გამოძიების ტაქტიკა შესაძლოა არ ემსახურებოდა დამნაშავეთა გამოვლენის საჯარო ინტერესს.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა წრის მიერ კომისიის სხდომაზე გაცემული პასუხები არ იყო დასაბუთებული შემდეგ შეკითხვებზე:

რატომ არ ჩაატარეს, ან რატომ ჩაატარეს გამოძიებაზე პასუხისმგებელმა პირებმა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით. რატომ არ ჩაატარა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები გამოძიებამ მთავარი მოქმედი პირების მიმართ, რომელიც, მეორე მხრივ, ჩაატარა სხვა პირების და მათ შორის, სხვა შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი მოქმედი პირების მიმართ. სახალხო დამცველის აპარატისთვის გაუგებარი იყო, რა კონკრეტული სტრატეგია და ლეგიტიმური მიზანი განაპირობებდა გამოძიების პასიურობას სხვადასხვა მიმართულებით”, – ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველის განცხადებით, მათი აპარატის შემოწმების შედეგებით გამოიკვეთა, რომ სახეზე იყო სამოხელეო დანაშაულის ერთ–ერთი ან ორივე შემადგენლობა: სამსახურებრივი გულგრილობა, ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, იმის მიხედვით, სუბიექტური მხარის რა ნიშნები იკვეთება ქმედებათა უკან – განზრახ არაეფექტიანი გამოძიება თუ გაუფრთხილებლობა, არაპროფესიონალური მიდგომა ან/და ზერელე დამოკიდებულება დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესასრულებლად.

“სახალხო დამცველის რეკომენდაცია იყო ამ მიმართულებით გამოძიების დაწყება. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა პარლამენტსაც წარუდგინა რეკომენდაცია და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად დადგენილი რამდენიმე რეკომენდაციის პარლამენტის დადგენილებაში შეტანის მნიშვნელობაზე მიუთითა: (1) გამოძიების დაწყება სამოხელეო დანაშაულზე (რაც შინაარსობრივად გულისხმობს სახალხო დამცველის წინადადებით გათვალისწინებულ მოთხოვნას სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის გამოძიების შესახებ); (2) დანაშაულში მონაწილე პირის მიმართ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალის წარდგენას.

მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც დასრულდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა, რომლის შედეგადაც პარლამენტმა კენჭი უყარა დადგენილებას და შესაბამისი რეკომენდაციები წარედგინა პროკურატურას, სახალხო დამცველმა კვლავ მოითხოვა მიმდინარე გამოძიების მასალების გაცნობა, რათა შეეფასებინა, გარდაცვლილი დ. ს-ის მკვლელობის მონაწილე ყველა პირის მიმართ დამატებით რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მანამდე გამოხატული მიდგომისგან განსხვავებით, უარი განაცხადა საქმის მასალების გაცნობაზე შესაბამის საკანონმდებლო ნორმაზე მითითებით.

სამწუხაროდ, სახალხო დამცველის წინადადებები და რეკომენდაციები პროკურატურას არცერთ ეტაპზე არ გაუთვალისწინებია და გამოძიებაში დაშვებული არსებითი შეცდომების მიმართ მხოლოდ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო, რამდენადაც აღნიშნული ხარვეზები, მიუხედავად მათი შედეგებისა, არ მიიჩნია დანაშაულად.

შემოწმება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მასზე წარმოება არ დასრულებულა. საქართველოს სახალხო დამცველმა 2018 წლის პირველ დეკემბერს განცხადება გაავრცელა სამსახურეობრივი შემოწმების შედეგების საზოგადოებისთვის, ხოლო საქმის მასალების – სახალხო დამცველის აპარატისთვის გაცნობის მოთხოვნით, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ეს რეკომენდაცია გაუთვალისწინებიათ.

აღსანიშნავია, რომ არაეფექტიანად წარმოებული იმ დანაშაულის გამოძიების მიმართ, რომელსაც ადამიანის გარდაცვალება – მკვლელობა, ან სიცოცხლის მოსპობა- მოჰყვა, პროკურატურამ არაერთგვაროვანი მიდგომა გამოავლინა. კერძოდ, სხვა შემთხვევაში, სადაც პირის სიცოცხლის მოსპობაზე დაწყებული გამოძიება არაეფექტიანად წარიმართა, პროკურატურამ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

აღნიშნულ საქმეში, 2014 წლის 9 სექტემბრის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებით, სასამართლოს განსახილველი საქმეებიდან ამოირიცხა საქმე „ჟანა ძებნიაური საქართველოს წინააღმდეგ“. განჩინების თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის წარდგენილ დეკლარაციაში მითითებულია, რომ მთავრობა, სხვა გარემოებებთან ერთად, ითვალისწინებს სისხლის სამართლის No07051275 საქმეზე, გიორგი ძებნიაურის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე გამოძიების პროცესში გამოვლენილ ხარვეზებს და აღიარებს, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი. საგულისხმოა, რომ მიუხედავად დაწყებული გამოძიებისა, პროკურატურას ამ შემთხვევაშიც არ გამოუვლენია დამნაშავე პირები, რომლებმაც არაეფექტიანი გამოძიების წარმართვით დანაშაული ჩაიდინეს”, – ნათქვამია ომბუდსმენის ანგარშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი